ცნობილი ექიმისა და მეცნიერის, „ფერომედის“ ქირურგ ბადრი ბურჯანაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემიგრანტი ლალი შიუკაშვილი სოციალურ ქსელში წუხილს გამოთქვამს.

„ხომ არიან ადამიანები, რომელზეც ფიქრობ, რომ იმდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა სამყაროსთვის, არასოდეს წავლენ?.. რომელთანაც, შესაძლოა, არ გქონდეს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ იცი რომ იქ, სადღაც შორს, შენს პატარა ქალაქში, დიდი იმედი ცხოვრობს იმ ადამიანის სახით, – გაგიჭირდება და ყველაფერს გააკეთებს შენი თუ შენი ახლობლების გადასარჩენად….

ასეთი ადამიანი აღარ ჰყავს ჩემს ქალაქს…

წავიდა კაცი, რომელიც საკუთარი მოღვაწეობით დიდი ხნის წინ გახდა ქალაქის სახე და სამედიცინო საზოგადოების უპირობო ლიდერი…

წარმოდგენაც მიჭირს, რა ხდება ახლა მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების თავს… უდიდესი გულისტკივილით გითანაგრძნობთ თვითეულ თქვენგანს…

მშვიდობით, ბატონო ბადრი!“ – ასე ემშვიდობება ზესტაფონელი ემიგრანტი თანამოქალაქეებზე უსაზღვროდ ამაგდადებულ ექიმს.

 

ბადრი ბურჯანაძემ 1972 წელს დაამთავრა ქ. ბარნაულის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1972–1976 წწ. მუშაობდა ბარნაულის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში;
1976–1979წწ. იყო მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასპირანტი;
1977–1980წწ. მოსკოვის მე–4 საავადმყოფოს პასუხისმგებელი ქირურგი;
1980–1996 წწ. ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი;
1997 წლის მარტიდან ზესტაფონის „ფეროშენადნობთა ქარხნის“ მედსანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგედ მუშაობდა.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ბადრი ბურჯანაძე ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი რაციონალიზატორული წინადადების, მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს შესახებ.