

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ათ თებერვლამდე გაგრძელდა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები, აღმზრდელის თანაშემწეები, ექთნები, მზარეულები, ბაღის გამგეები და საბავშვო ბაღში მუშაობით დაინტერესებულები.
ტრენინგი ჩაატარეს სკოლამდელ დაწესებულებათა გადამზადების, სემინარებისა და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენლებმა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის 4-5 წლიანი ჯგუფის აღმზრდელი ია შარიქაძე წლების მანძილზე სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. ამ ტრენინგით კი გაეცნო საბავშვო ბაღის პროგრამაში სიახლეებს.
ვარძიის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნანა სიხარულიძე ამბობს, რომ ამ ტრენინგით მეტ გამოცდილებას იძენს; იღრმავებს ცოდნას საიმისოდ, რომ უფრო საინტერესოდ იმუშაონ აღსაზრდელებთან. „ამ ტრენინგით გამიადვილდება ბავშვებთან ურთიერთობა. სასურველია, ასეთი ტრენინგები კიდევ ჩატარდეს.“
ტრენინგის მონაწილე სოფელ ზვარედან ჟანა ღონღაძე მოხარულია, რომ ეს ტრენინგი გაიარა, რადგან სურს მიიღოს მეტი გამოცდილება და იყოს კარგი სპეციალისტი.
ტრენერი, სკოლამდელ დაწესებულებათა გადამზადების, სემინარებისა და ტრენინგების ცენტრის დირექტორი თეონა ქემაშვილი ამბობს: „კარგია, რომ ტრენინგში დამწყებ აღმზრდელებთან ერთად საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყებით დაინტერესებული პირებიც ჩაერთვნენ. საბავშვო ბაღებში ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში მოსაძებნი აღარ იქნება კვალიფიციური კადრები. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
მსმენელთა აუდიტორია ძალიან კარგია. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები ინკლუზიურ ბავშვებთან ურთიერთობაზე, ზოგად ფსიქოლოგიურ სწავლებაზე, მეთოდოლოგიასა და მართვაში.“
ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დანიშნულებაა აღსაზრდელების სრულყოფილად მომზადება სკოლისათვის. „შარშან ჩვენს გაერთიანებას შეემატა სამი ახალი საბავშვო ბაღი ლეღვანში, ვახანსა და ვარძიაში. ახალგახსნილ საბავშვო ბაღებში შევარჩიეთ კვალიფიციური კადრები, თუმცა საბავშვო ბაღის პროგრამა შეიცვალა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის მიგვეცა ახლებური განათლება.
ტრენინგში მონაწილეობდა 65 მსმენელი. მათგან 16-მა გაიარა კვების პროგრამა, დანარჩენებმა – სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა. ბაღების გამგეებმა დამატებით გაიარეს მართვის კურსი.
ტრენინგში მონაწილე, საბავშვო ბაღში მუშაობით დაინტერესებულ პირებს, ვერ მივცემთ გარანტიას, რომ ისინი აუცილებლად დასაქმდენიან სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებაში, მაგრამ როდესაც ჩვენ დაგვჭირდება კადრები, სწორედ გადამზადებული მსმენელებიდან შევარჩევთ.“
ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილე სასწავლო-სააღმზრდელო დარგში თამარ ავალიშვილი ამბობს, რომ ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღისათვის. „2013 წელს ჩვენი გაერთიანების ყველა აღმზრდელმა და მათმა თანაშემწეეებმა გაიარეს ანალოგიური ტრენინგი. გაეცვნენ სკოლამდელი აღზრდის ადრეული განვითარების სტანდარტებსა და პროგრამას. მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღები, აუცილებელი გახდა ტრენერების განმეორებით მოწვევა. პირველი დღეს ტრენინგი ჩაატარა მარინა შოსტაკმა ინკლუზიური სკოლამდელი განათლების საკითხებზე. მეორე დღეს მართვის საკითხებზე ისაუბრა ტრენერმა ლეილა დვალმა. შემდეგ კი თეონა ქემაშვილმა გაგვაცნო სიახლეები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამში. სახელმწიფო და მშობელი ჩვენ გვიკვეთავს სკოლამდელი ბავშვის უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას. საბავშვო ბაღის კურსდამთავრებული მზად უნდა იყოს სკოლისათვის. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. “
თამთა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).