ფსიქოლოგი მაია ცირამუა კორონავირუსის პანდემიით დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„სუიციდური აზრების და მცდელობების მქონე ადამიანებთან მუშაობა იგივეა, რაც რეანიმატოლოგის ბრძოლა მისი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად, – წერს მაია ცირამუა, – ეს ის ბრძოლაა, სადაც არ უნდა მოდუნდე, ხელი არ უნდა ჩაიქნიო და არ გააქრო იმედი – პირველ რიგში საკუთარ თავში.

წარმომიდგენია, რა დღეში არიან დღეს ექიმები. რა რესურსი, ფიზიკური ან ემოციური, უნდა ეყოს ამ ბრძოლას?!

ბოლო ხანებში ჩემი მცდელობა, დავარწმუნო ახლობლები იმაში, რომ აიცრან – ამ ბრძოლას დაემსგავსა.

რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს რატომ არ უნდა აიცრას, სადღაც ღრმად მე მაინც თვითდესტრუქციულ ინსტინქტს ვხედავ და ეს ყველაზე მეტად მტკენს გულს. რეალობის სწორად აღქმის და შეფასების უნარს ადამიანი ტყუილად ხომ არ კარგავს?!

რაც შეეხება მთავრობას, მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აღელვებს და მისთვის ყველა ჩვენგანს ჩირის ფასიც არ აქვს. ის პირველი გარბის ბრძოლის ველიდან და თავის გადარჩენას ცდილობს.

მთავრობამ ჩვენ შეგვატოვა ხელში ეს ჯოჯოხეთი.

ჩვენ უნდა გადავრჩეთ!

ამისთვის კი არსებობს გზა:

  • არ მოვაწყოთ და არ მივიდეთ ხალხმრავალ შეკრებებზე.
  • მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე ყველგან, ვიყოთ ფხიზლად ღია სივრცეშიც და ავიცრათ!

პ.ს. აქ აღარ მოვყვები იმაზე, როგორ დაინფიცირდა ერთ სოფელში უამრავი ადამიანი, იმის გამო, რომ საერთო ყანწით დალიეს განსხვავებული სადღეგრძელო.