საფრანგეთში მცხოვრები ქართველი (ხარაგაულელი) ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.

„კიდევ ერთ არაპოპულარულ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან სიმართლეს დავწერ, – ამბობს გიორგი ფოფხაძე, – ევროპის ქვეყნებში სამედიცინო სფერო ისე არის აწყობილი, რომ აქაური მოქალაქე თითქმის ყოველ თვე დადის კონსულტაციაზე ოჯახის ექიმთან, რომელიც წელიწადში ორჯერ მაინც საერთო კვლევაზე აგზავნის კლინიკაში.

ასევე, წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკეთებს სისხლის ანალიზს, – ანუ იცის, რა აწუხებს და რა არა, რაზე იმკურნალოს და რა წამალი დალიოს.

ამიტომ, კოვიდზე ორჯერ აცრილს ან საერთოდ აუცრელ ევროპელს, კორონავირუსის შეყრის შემთხვევაში, კლინიკაში მოხვედრისთანავე ექიმები ზუსტად უდგენენ, რა შესაძლებელი გართულება შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა და რა თქმა უნდა, შველიან.

ჩვენთან კიდევ, კაცო, ამდენი წელია, მორღვეულია სამედიცინო სფერო და ექიმთან მისვლა ძვირადღირებული „სიამოვნება“ გახადა ამ მახინჯმა ჯანდაცვის სისტემამ. საქართველოში კაცმა არ იცის, რა ჭირს, როგორ ჭირს, ჯანმრთელია თუ ავადაა.

ადამიანების 99% თვითმკურნალობაზეა და ასე „უპრაგონოდ“ სვამს მეგობარი ჟუჟუნასა და მეზობელი ლამზირას რჩევით ნაყიდ წამალს.

წნევას რომ იგდებს მედიკამენტით, ვინმე კითხულობს, ეს წნევა რამ გამოიწვია?! – რა თქმა უნდა, არავინ.

ჰოდა, იმიტომაცაა, რომ ამ ვერაგი კორონას შეყრის შემთხვევაში მკურნალობის პროცესი რთულდება. აღმოჩნდება, რომ ადამიანს, კორონას გარდა, ყველაზე ცოტა ორი თანამდევი ქრონიკული დაავადება აქვს და მერე იმას ვეღარც აცრა იცავს და ვეღარც ვერაფერი.

გასაგებია და აქსიომაა, რომ ამ წუთში ერთადერთი გამოსავალი სწრაფი და საყოველთაო ვაქცინაციაა, მაგრამ, ამასთანავე თუ ჯანდაცვის ეს მახინჯი სისტემა არ შეიცვალა და სამედიცინო მომსახურეობა ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი არ გახდა, უფრო უარეს დღეში ჩავვარდებით.

„ექიმთან არ მიდიანო“, – რომ იძახით, მამაცხონებულებო, როგორ უნდა მივიდეს, როცა კონსულტაცია 100 ლარი ღირს, ევროპაში კი პრაქტიკულად – უფასოა?

თუ რამე არასწორად დავწერე, შემეკამათეთ, ბატონო, და მივიღებ თქვენს არგუმენტებს“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფოფხაძე.