ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში კორონავისუსზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

ხარაგაულის კლინიკაში 4 მაისიდან დღემდე სინოფარმით სულ 1637 ადამიანი აიცრა. მათ შორის ორჯერადად – 456, ხოლო ერთი დოზით – 1181 პირი. ვაქცინაციის პროცესი როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ასევე რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, უპირატესობა დარეგისტრირებულ პირებს ენიჭება და პირველად ისინი იცრებიან.

ხარაგაულის კლინიკაში დღეში 100-180-მდე ადამიანი იცრება. აცრის დღეებია – ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი. შესაძლოა, დაემატოს ოთხშაბათიც. თუმცა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ბორითის კლინიკაში იმუნიზაციის პროცესი სინოვაკის ვაქცინით მიმდინარეობს და 28 მაისიდან დღემდე 436 ადამიანი აიცრა. მათ შორის ორჯერადად – 116, ხოლო ერთი დოზით – 320. ვაქცინაციის პროცესი დარეგისტრირებული პირებისთვის პარასკევსა და შაბათს, 11:00- 14:00 საათებში მიმდინარეობს. კვირას მოქმედებს ვირტუალური კაბინეტი, სადაც მოქალაქეს რეგისტრაციის გარეშე შეუძლია აცრა.

შეზღუდვების დაწესების გამო მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს. ჩვენ დავინტერესდით, რას აკეთებს ხარაგაულის მერია იმისათვის, რომ სოფლებიდან ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ტრანსპორტს ქირაობს და სოფლებიდან მსურველები ჯგუფურად მოჰყავთ. აცრის მსურველ მოსახლეობას ინფორმაციას მერის წარმომადგენლების დახმარებით აწვდიან.

ლიკა ხიჯაკაძე