მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხის სკოლისთვის ახალი შენობა ააგო, ხოლო ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლების შენობები კაპიტალურად გაარემონტა.

ამჟამად სამივე სკოლის შენობას ასუფთავებენ. უახლოეს მომავალში კი ავეჯსა და სასკოლო ინვენტარს შეიტანენ.

დღეისათვის მარელისის სკოლაში 88 მოსწავლე, ვერტყვიჭალაში – 135, ხოლო კიცხში – 98 მოსწავლე სწავლობს.

მარელისის სკოლის სარეაბილიტაციოდ მლნ 900 ათასი ლარი, ვერტყვიჭალის სკოლის შენობის აღსადგენად – 2,5 მლნ, ხოლო კიცხის სკოლის მშენებლობისთვის – 2 420 643 ლარი გაიხარჯა.

მარელისის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

„სკოლის ძველი შენობის მხოლოდ კარკასია დარჩენილი, – ამბობს მარელისის სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე, – აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. მოეწყო სველი წერტილები, საკლასო ოთახები, საკონფერენციო, ექიმისა და შშმ პირთა ოთახი. გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, იატაკი. აშენდა საქვაბე და მოეწყო ცენტრალური გათბობა.

სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. კეთილმოეწყო ეზო. დამონტაჟდა გარე განათებები და სკამები. განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა მოგვეცა, თავად შეგვერჩია ტექნიკა და ავეჯი. ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების სკოლაში შევხვდებით“.

მარელისის სკოლის რეაბილიტაციის პროექტით ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, იმის გამო, რომ დაპროექტებისას მოედნის ფართობი არასწორად მიუთითეს, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა (რადგან სკოლის ეზოს მთლიანად დაიკავებდა).

სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე ამის გამო წუხს, თუმცა ამბობს, რომ სპორტული დარბაზი განახლდა; გოგონებისა და ბიჭებისთვის გასახდელები და საშხაპეები მოეწყო.

„ვერტყვიჭალის სკოლის შენობა სრულად განახლდა, –  ამბობს სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე, – სამივე სართულზე გაკეთდა სველი წერტილები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა და სახურავი, დაიგო ვინილის იატაკი.

მოეწყო სპორტული დარბაზი, ამავე დროს გაკეთდა ხელოვნურსაფარიანი ღია ტიპის სპორტული მოედანი, გამოიცვალა კომუნიკაციის სისტემა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თანამედროვე დონეზე გაკეთდა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. ამჟამად განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსგან ინვენტარსა და ტექნიკას ველოდებით“.

„კიცხის სკოლის ორი წლის წინ დაწყებული მშენებლობა დასრულდა. მხოლოდ წვრილმანი საკითხებია მოსაგვარებელი,- ამბობს სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, – გამწვანებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. კომისია იყო ჩამოსული, გარე ფასადის ფერი არ მოეწონათ.

სწორედ ამიტომ, შენობის ერთი კორპუსი გადაღებეს. ახლა შედარებით უკეთესი იერსახე მიიღო. უახლოეს დღეებში ელექტრიკოსებს ველოდებით და სამუშაოებს დაასრულებენ. ფანჯრის ჟალუზების დამონტაჟება პროექტით არ იყო გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზომები აიღეს და უნდა ჩამოგვიტანონ. ამ კვირაში ავეჯსაც შევიტანთ“.

ლიკა ხიჯაკაძე