საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელება დაიწყო.
მოქალაქეებისგან წარმოდგენილი ინიციატივების განსახორციელებლად, 2022 წლისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტი 150 000 ლარით განისაზღვრება.
პროგრამის მიზანია, გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
პროგრამის ფარგლებში მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდება და თითოეულზე თანხის მაქსიმალური ოდენობა, არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, რამდენიმე შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
– ბატონო კობა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა. იქნებ უფრო ვრცლად გვითხრათ ამ პროგრამის შესახებ. რატომ იქნება საინტერესო ჩვენი მოქალაქეებისთვის მასში ჩართვა და მონაწილეობა?
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაჩნდა 150 ათასი ლარის ფარგლებში სამოქალაქო ბიუჯეტირების კომპონენტი. მოქალაქეთა მეტი ჩართულობისა და მათთვის შესაძლებლობების გაჩენის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეწყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა.
ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჰქონდეთ ჩართულობისა და თანამონაწილეობის შესაძლებლობა, არამედ თავად წარმოადგინონ წინადადებები და მიიღონ დაფინანსება მათთვის საინტერესო პროექტებზე. დაფინანსებას მიიღებს ის იდეა, რომელიც კონკურენციის ფონზე იქნება შერჩეული და კონკრეტულ სეგმენტზე იქნება გათვლილი.
მიმაჩნია, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა და განსხვავებული ფორმატი მოქალაქეებთან ურთიერთობის, რითაც ისარგებლებს როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე მუნიციპალიტეტი და მოქალაქეების ინტერესების მსახურებაში მყოფი ადგილობრივი ხელისუფლება უფრო გაძლიერდება. ასე რომ, მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებთ ჩვენ მოქალაქეებს.
მსგავსი პროგრამები ფართოდ არის გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარებული ქვეყნებიდან გადმოვიღოთ კარგი და საუკეთესო მაგალითები. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა კი, მართლაც რომ ერთ-ერთი კარგი სამაგალითო პროგრამაა.
– რა უნდა გააკეთოს დაინტერესებულმა მოქალაქემ, რომ პროგრამაში ჩაერთოს?
– თითოეულ ხარაგაულელს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოაგზავნოს თავისი საპროექტო იდეა, თუ რისი გაკეთება სურს თავის ქალაქსა თუ სოფელში. მოსახლეობისგან მიღებულ იდეებს, ანუ საპროექტო წინადადებებს კრიტერიუმების შესაბამისად გადავარჩევთ. მოქალაქეებისგან შემოსულ საპროექტო წინადადებებს სპეციალური კომისია განიხილავს და დაწესებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას შეამოწმებს.
შემდგომ ეტაპზე, გადარჩეული პროექტები კენჭისყრაში ჩაერთვება. ხმის მიცემის უფლება ექნება ხარაგაულში რეგისტრირებულ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. ხარაგაულელებს საშუალება მიეცემათ, პროექტების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველი წინადადება აირჩიონ და მას უყარონ კენჭი.
ის იდეა, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს, ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ ცალკე აღებული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ლარს. თეორიული გათვლით, 150 ათას ლარში ჩვენ შეგვიძლია 5 ასეთი პროექტი დავაფინანსოთ და განვახორცილეოთ.
თუმცა შეიძლება ყველა წინადადება არ იყოს 30 ათას ლარიანი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეიძლება მეტი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს და მორგებული იყოს კონკრეტულ ინტერეს ჯგუფებზე. კერძოდ, შეიძლება კარგად მომზადებული 5 ათას ლარიანი საპროექტო წინადადებაც შემოვიდეს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ და დავაფინანსოთ.
– შემოსულ პროექტებს რა კრიტერიუმებით გადაარჩევთ?
– საპროექტო წინადადებები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით უნდა ჩამოყალიბდეს. პროექტის ხარჯთაღრიცხვა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. ნათელია, რომ წინასწარ ზუსტად შეუძლებელია შეფასდეს, თუ რა დაჯდება ესა თუ ის პროექტი.
თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სიზუსტით დავადგინოთ პროექტის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა და თუ პროექტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 30 ათას ლარს, ის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.
ასევე, მოქალაქეებისგან შემოთავაზებული იდეა არ უნდა იყოს გათვალისწინებული მიმდინარე ან შემდეგი წლის ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, თუკი რომელიმე პროექტი უკვე კეთდება ან ისედაც დაგეგმილია განხორციელება, ასეთი პროექტის კენჭისყრაზე დაყენებას აზრი აღარ აქვს.
პროექტის განხორციელება ტექნიკურადაც უნდა იყოს შესაძლებელი. მაგალითად, თუ მოგვთხოვეს სტადიონის მოწყობა იქ, სადაც სახელმწიფოს მიწა არ გააჩნია და მხოლოდ კერძო ნაკვეთებია, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტი ტექნიკურად ვერ განხორციელდება.
და ბოლოს, წარმოდგენილი პროექტის განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში. თუ მოგვთხოვეს, მაგალითად, მაგალითად, რომელიმე სოფლის გაზიფიცირება, ამ პროექტს ჩვენ ბიუჯეტიდან ვერ დავაფინანსებთ იმიტომ, რომ გაზიფიცირება თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის.
– რა ტიპის პროექტების წარმოდგენა შეუძლია მოსახლეობას?
– ძირითადად, შეგვიძლია დავაფინანსოთ ისეთი პროექტები, როგორიცაა ადგილობრივი გზებისა და ქუჩების გარე განათების მოწესრიგება; ნაგვის ბუნკერების დადგმა; სანიაღვრე და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება; სასაფლაოების მოწყობა-შემოღობვა; გამწვანება; სკვერების, პარკების, საბავშვო ატრაქციონებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე შესაძლებელია ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
– ორიოდე სიტყვით ვადებზეც გვითხარით.
– წელს ეს პროგრამა პილოტურ რეჟიმშია, ცოტათი გვიან დაიწყო და განსხვავებული ვადები გვაქვს. წელს პროექტების მიღება 31 აგვისტომდეა. შემდეგ, მიღებული პროექტების გადასარჩევად, დაახლოებით ერთი კვირა გვჭირდება. კენჭისყრის ეტაპი დაახლოებით 16 სექტემბერს დაიწყება და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კენჭისყრა მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ის იდეა, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, ყველაზე დიდ მხარდაჭერას დაიმსახურებს, გამარჯვებულად ჩაითვლება.
ვინაიდან ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 15 ნოემბრამდე უნდა გაიგზავნოს, მერიასაც სჭირდება გარკვეული დრო, რომ გამარჯვებული იდეა გადავამუშავოთ, მოვიყვანოთ იმ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, როგორც ეს განსაზღვრულია პროგრამული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიით. ამიტომაც, წელს ასეთ შემჭიდროებულ ვადებს უნდა მოვერგოთ. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ პროექტების წარდგენისა და კენჭისყრის ვადები კიდევ უფრო გაიზარდოს.
– საინტერესოა, როგორ შეუძლია მოსახლეობას პროექტების წარდგენა. მერიაში უნდა მოვიდნენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ?
– საპროექტო წინადადებების წარმოსადგენად მერიაში მოსვლა აუცილებელი არ არის. ყველას შეუძლია სახლიდან, ინტერნეტით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის kharagaulinews.gov.ge მეშვეობით შეავსოს მარტივი ფორმა და წარმოადგინოს თავისი იდეა. თუ ვინმეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, შეუძლიათ საპროექტო წინადადებები რწმუნებულების მეშვეობით გამოაგზავნოს.
– ბოლოს, რას ეტყოდით ხარაგაულელებს ?
– ჩვენ ვიცით, რომ ხარაგაულში ცხოვრობენ ძალიან გონიერი და მოტივირებული მოქალაქეები, რომლებიც ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რაც უფრო დაგვაახლოებს და ჩვენს ურთიერთიერთობაში უფრო მეტ პოზიტივს შემოიტანს.
ბოლოს კი, აუცილებლად უნდა გადავუხადო მადლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელებაში დახმარებისთვის. ეს მხარდაჭერა გამოიხატება საინფორმაციო მხარადაჭერაში, რაშიდაც ისინი საკუთარ ფინანსებს დახარჯავენ, რათა მოქალაქეებამდე სწორად მივიდეს ძირითადი მესიჯ ბოქსები სამოქალაქო ბიუჯეტის იდეის განხორციელების შესახებ.
ვფიქრობ, შესანიშნავი შესაძლებლობა გვიჩნდება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ GIZ-ს და ყველა ჩართულ მხარეს, ვინც დაინტერესებულია და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თვითმმართველობის გაძლიერებაში.
ინგა ბერაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი