
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა ვეტერანებმა ომის ქარცეცხლიდან ცოცხლებმა კი გამოაღწიეს, მაგრამ ცხოვრების არანაკლებ დიდ ბრძოლაში მოუწიათ ჩაბმა.
სამშობლოსადმი მათი დამსახურების სანაცვლო ფინანსური მხარდაჭერა დღეს, თვიურად 22 ლარია. ხარაგაულელი ვეტერანები აღნიშნავენ, რომ მათ ხელში იარაღი ქვეყნის კეთილდღეობისთვის აიღეს. იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგენილა და ოკუპანტ რუსეთს ჩვენი ქვეყნის მიწებ ყოველდღიურად მიაქვს, აუცილებელია ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ ვეტერანები სახელმწიფოსგან თავს დაფასებულად გრძნობენ.
„ვეტერანი რომ ხარ, სახელმწიფოსგან მხარდაჭერითა და დაფასებით ხომ უნდა გამოირჩეოდე?! – კითხულობს ხარაგაულის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ელვარდი გიორგიძე,- ვეტერანის სტატუსის მისაღებადაც რამდენი უნდა იწვალო, – უამრავი საბუთი მოაგროვო. ბევრმა ესეც ვერ მოახერხა.
ამასწინათ მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადას დამკვირვებლის სტატუსით ვესწრებოდი და ჩემი გაწეული შრომის სანაცვლოდ განათლების სამინისტროდან თანხა ჩამერიცხა. შეიქმნა იმის რისკი, რომ იმ 22 ლარსაც მომიხსნიდენ. საბუთების მიტანა დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს შემოწირულობა არ იყო. სახელმწიფო ვეტერანებს უფრო მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს “.
„ვეტერანებისთვის 22 ლარი არასაკმარისი და მიზერული თანხაა, რომლის უბრალოდ ხსენებაც სირცხვილია, – ამბობს ომის ვეტერანი ვალერი გოგნაძე, –ზოგიერთ ვეტერანს სამსახური არ აქვს და მხოლოდ ამ დახმარების ამარაა.
დავინტერესდით, იგეგმება თუ არა ახლო მომავალში ვეტერანებისთვის სუბსიდირების მომატება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა კობალაძისგან მოპოვებული ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ ჯერ მხოლოდ დაპირების დონეზეა ამ თანხის მომატების საკითხი. ხელისუფლებას ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ხშირად აპელირებენ ვეტერანების 22 ლარიან სუბსიდირებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ აღნიშნული თანხა 100-120 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯს იწვევს, რომლის მობილიზება მომავალი წლიდან იგეგმება. ვეტერანების სუბსიდირება მაქსიმუმ 120 ლარამდე გაიზრდება.
ვეტერანები დაუბეგრავი მინიმუმით მხოლოდ წლიურად 3 ათას ლარამდე ანაზღაურების ფარგლებში სარგებლობენ. თანხის ეს ოდენობა გასაზრდელია. დაუბეგრავი მინიმუმით 6 ათასი ლარის შემოსავლის მქონე ვეტერანებმაც უნდა ისარგებლონ“.
კობა კობალაძე აღნიშნავს, რომ „ვეტერანები, 22 ლარიანი სუბსიდირების გარდა, სხვა შეღავათებითაც სარგებლობენ და აღნიშნული შეღავათების შესახებ ინფორმაცია უწყვეტად მიეწოდებათ. გარკვეული ხარვეზები არსებობს, მაგრამ ვეტერანები ინფორმაციულ ვაკუუმში არ არიან“.
– ჩვენ გვაქვს ინტერნეტ გვერდი, სადაც მუდმივად ქვეყნდება სიახლეები, – ამბობს კობა კობალაძე, – ყველა რეგიონში გვყავს წარმომადგენელი, რომელიც კვირაში ერთხელ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ატარებს. ადამიანს თუ არ აქვს ინფორმაციის მიღების სურვილი, ჩვენ რა შეგვიძლია?! გარკვეული პრობლემები მართლაც არის, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვართ მათ მოგვარებაზე. თავად ვეტერანებიც შედარებით აქტიურები უნდა იყვნენ“.
საპირისპიროს გვიყვებიან ხარაგაულელი ვეტერანები. ისინი იხსენებენ იმ ფაქტებს, როდესაც მოულოდნელად გაიგეს ვეტერანებისთვის დაწესებული შეღავათების შესახებ.
„სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ვეტერანებისთვის მატარებლის ბილეთებზე გარკვეული შეღავათები იყო. ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, – აღნიშნავს ხარაგაულელი ვეტერანი იური ლურსმანაშვილი, – სახელმწიფო ვეტერანებზე არ ზრუნავს-თქო რომ ვთქვა, უსამართლობა იქნება, თუმცა 22 ლარი მიზერული თანხაა.
ქვეყანა თავის ვეტერანებს უნდა უფრთხილდებოდეს. მათ მხოლოდ საარჩევნოდ არ უნდა აძლევდნენ დაპირებებს. სახელმწიფო სახელმწიფოს რომ ჰგავდეს, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ვეტერანს. მე არაფერს არ ვითხოვ და არც მომითხოვია. უბრალოდ, ვეტერანი საქართველოში დაფასებულად უნდა ცხოვრობდეს. ეს არა მხოლოდ კონკრეტული პირისთვის, არამედ, უპირველესად, სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო“.
„რამდენიმე კვირის წინ ექსკურსიაზე ვიყავი ნოქალაქევში, – ამბობს ვალერი გოგნაძე,- აღმოჩნდა, რომ ვეტერანებისთვის მუზეუმში შესვლა უფასო იყო. მე ეს ინფორმაცია არ ვიცოდი და შესაბამისად, ვეტერანის მოწმობა წაღებული არ მქონდა. ამიტომ თანხა ჩვეულებრივ გადავიხადე“.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, რომ ვეტერანებისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათები საკმარისი არ არის. გამოწვევები ბევრია, მაგრამ სახელმწიფო ეტაპობრივად ცდილობს ვეტერანების სოციალურ- ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებას.
გთავაზობთ ინფორმაციას იმ შეღავათების შესახებ, რომლითაც სარგებლობა საქართველოში მცხოვრებ ვეტერანებს შეუძლიათ:
გათვალისწინებულია შეღავათები საქართველოს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებზე:
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის