კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი იმერეთში ამჟამად 27 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.

ჩაერთვებიან თუ არა აცრის პროცესში სოფლებში მოქმედი ამბულატორიები – ამ შეკითხვით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს, გოჩა გიორგიძეს ვებინარზე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ მიმართა.

„მომავალი კვირიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სამედიცინო ამბულატორია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს დაიწყებს, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – სოფლის ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესს ადმინისტრირებას ან საავადმყოფოები გაუწევენ, ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.

ზოგმა მუნიციპალიტეტმა ალტერნატიული გზა აირჩია, რაც ჩვენთვის ასევე მისაღებია. არსებულ ამცრელ კაბინეტებში აცრის მსურველი პირები ორგანიზებულად მოჰყვათ და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. ასეთი მომსახურება იმერეთში ხარაგაულის, სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

აცრებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად უკვე არსებული ამცრელი ბრიგადები შეგვყავს სოფლებში და აცრის მსურველი მოსახლეობა ადგილზე იცრება. წინასწარ ამას სოფლებში მერის წარმომადგენლები აორგანიზებენ.

ასე რომ, სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით ვცდილობთ აცრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რადგან აცრა ერთადერთია, რაც კორონავირუსის დამარცხებას შეგვაძლებინებს“.

ფოტოზე: ხუნევის სამედიცინო ამბულატორია „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან