2 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის #56 ჭიათურისა და #50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათ ოლქებში შემავალ ყველა საუბნო საარჩევნო კომისიებში 8-8 წევრი უკვე შეარჩიეს.

თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე საუბნო კომისიები სულ 17 -17 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს; მათგან 8-8 წევრს, კონკურსით, საოლქო კომისია ირჩევს, ხოლო დანარჩენ 9 წევრს უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ.

ზესტაფონში საოლქო საარჩევნო კომისიას მხოლოდ ერთი – #51.20 კლდეეთის უბნის მერვე წევრი ჰყავს შესარჩევი, ამისთვის კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. ამ უბანზე მხოლოდ შვიდი განაცხადი იყო შესული. საუბნო კომისიის მერვე წევრი #51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხვალ, 17 აგვისტოს, უნდა შეარჩიოს.

ზემო იმერეთის ამ ოთხი მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 32 კონკურსანტის განაცხადი არ განიხილეს, ვინაიდან ეს განმცხადებლები გასულ წელს არჩევნებზე საუბნო კომისიებში წევრებად პარტიებისგან იყვნენ დანიშნულები.
მათ შორის, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა ერთი კონკურსანტის, #50 საჩხერის საოლქო კომისიამ – 6 კონკურსანტის, #51 ზესტაფონის საოლქო კომისიამ – 11 და #56 ჭიათურის საოლქო კომისიამ 14 განაცხადი.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბნო კომისიების დასაკომპლექტებლად კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ.

კერძოდ, კენჭისყრაში არ ჩაერთვნენ ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ წარმომადგენლები;

საჩხერეში – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ევროპული საქართველოსა“ და „ლელო საქართველოსთვის“  წარმომადგენლები;

ჭიათურასა და ხარაგაულში კი – „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – მიერ შერჩეული კომისიის წევრები.

  • #50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია 57 უბანს აერთიანებს;
  • #51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია – 53 უბანს;
  • #56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია – 56უბანს;
  • ხოლო #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია – 37 უბანს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 53 საარჩევნო უბანში კონკურსით სულ 424 წევრი უნდა აერჩიათ (თითოეულში 8-8 წევრი). სულ კონკურსში კომისიის წევრობის 457 მსურველი ჩაერთო.

საჩხერის მუნიციპალიტეტის 57 საარჩევნო უბანში კონკურსით კომისიის 556 წევრი უნდა აერჩიათ. სულ კონკურსში კომისიის წევრობის 568 მსურველი ჩაერთო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 56 საარჩევნო უბანში კონკურსით კომისიის 464 წევრი უნდა აერჩიათ. სულ კონკურსში –  487 მსურველი ჩაერთო.

უმეტეს შემთხვევაში, უბნებზე ზუსტად იმდენი განაცხადი იყო შესული, რამდენი ვაკანტური ადგილიც იყო დასაკავებელი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 საარჩევნო უბანზე 10, ხოლო 3 უბანზე 9-9 განაცხადი იყო შესული.

ჭაითურის მუნიციპალიტეტის 10 საარჩევნო უბანზე 9 განაცხადი იყო, 11ზე – კი 10-10 განაცხადი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 13 უბანში 9-9 განაცხადი იყო შესული, ხოლო 7 უბანზე  – 10-10 განაცხადი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის 4 უბანზე კი 10-10 განაცხადი იყო შესული.

ამავე თემაზე: საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მიმდინარეობს