ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულები უბისის, გედსამანიის, ხონის, ჯაფაროულის, ბორითის, ხორითის, ღვერკის, ისლარის მაცხოვრებლები არიან. მათი ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სულ 143 ინფიცირებულია, მათგან  28 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობენ.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, კორონავირუსით ივლისში სულ 80 ხარაგაულელი დაინფიცირდა; ანალოგიური მაჩვენებელი აგვისტოს პირველ დეკადაში, სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა.

„1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ხარაგაულში კორონავირუსის canva79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მას შემდეგ ინფიცირებულების რიცხი ყოველდღიურად იზრდება. გთხოვთ, დაიცავით თვითიზოლაციის წესები, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს დაუდგინდა ვირუსი, 12 დღის განმავლობაში იყავით სახლში და მოერიდეთ ადამიანებთან კონტაქტს.

ყველამ გამოვიყენოთ პირბადე და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, – ამბობს ნინო ყიფშიძე.

პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსის 867 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 707 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.

დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 132 პირი იმყოფება.