SOS – ყველა ჩემს მეგობარს, ნათესავს, ვინც მიცნობთ და ამ პოსტს ნახავთ!

გთხოვთ: ატარეთ პირბადე ყველგან, სადაც იკრიბებით ღია ან დახურულ სივრცეში არავაქცინირებული ადამიანები – წერს სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე – დალოცეთ შორიდან და მიულოცეთ ბედნიერება ყველა ახალშეუღლებულს, მაგრამ უარი თქვით მათ ქორწილში ქეიფსა და სიძე-დედოფლის მრავალგზის გადაკოცნაზე დიდი სიყვარულის გამოხატვის მიზნით.

გახსოვდეთ, რომ იმავე მეფე დედოფალს თქვენამდე, შესაძლოა, მიულოცა და სიყვარულიც გამოუხატა ასევე ორივე ლოყაზე გულიანი ამბორით, სხვა სტუმარმა, რომელიც ინფიცირებულია და სიმპტომები არ აქვს გამოხატული.

ამ ჩვენი ულამაზესი დედოფლის ლოყებიც, ფერუმარილით, მრავალი სხვა სახის მკვებავითა და ნელსაცხებლით დაფარული, მშვენივრად ისრუტავს ვირუსს, რომელსაც ასევე მშვენივრად და ეფექტურად გადასცემს სხვებს.

ქორწილით აღფრთოვანებული, წყვილის სილამაზით შთაგონებული და ღვინით გათანგული სახლში ვბრუნდებით, ვეფლობით სიყვარულის მორევში და ვეხუტებით ჩვენს შვილებს, მშობლებს. ალერსით ვახვევთ მათ მომავალი სატანჯველის, კოვიდ19 ის მანტიაში და ბოლოს ვიღებთ აი რას:

518 ახალი დადასტურებული შემთხვევა იმერეთში, 4223 საქართველოში. გუშინ გარდაიცვალ 34. დღეის ინფიცირებულებიდან, ლეტალობის მაჩვენებლით გარდაიცვლება კიდევ 59.

უშველეთ საკუთარ თავს და თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, არ იაროთ ხალხმრავალ შეკრებებზე, სადაც აუცრელი ადამიანები იკრიბებიან და ბოლოს: აიცერი, აიცერი, აიცერი. აცრა ერთადერთია, რაც საბოლოოდ გადაგვარჩენს!

მადლობა ყველას, ვისაც ესმის ჩემი. მომენატრა ჩახუტება, შვილებზე, მშობლებზე, თქვენზე.