შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მშობელთა სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონს“ ზესტაფონში საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. იმ პერიოდში საზოგადოება საგულდაგულოდ მალავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, – თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდნენ.
ასეთი ვითარების დაძლევას ზესტაფონში ახლადდაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ორიონი“ შეეჭიდა. „ორიონის“ ხელმძღვანელმა ნანა (ჟანა) ფერაძემ, პროფესიონალ და მოტივირებულ ადამიანებთან ერთად, დახურული კარის გაღება მოახერხეს და ზესტაფონელი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია დაიწყეს.
„ორიონი“ იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ზესტაფონში 300 ეტლი შემოიტანა და შშმ პირებს უფასოდ გადასცა. სწორედ მათი მუშაობისა და შრომის შედეგია ის, რომ დღეს ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლობენ.
ამჟამად დღის ცენტრ „ორიონში“ 6-დან 18 წლამდე ასაკის 50, ხოლო 18 წელს ზემოთ ასაკის – 30 ბენეფიციარია.
ისინი „ორიონში“ არა მხოლოდ ზესტაფონიდან, არამედ თერჯოლიდან და ხარაგაულიდანაც დადიან. აქ მათ პოლონელი ტრენერებისგან გადამზადებული მაღალკვალიფიციური მასწავლებლები უტარებენ ისეთ თერაპიებს, როგორებიცაა: თომატის თერაპია და ბიოფიტბექი. ფუნქციონირებს „სამყაროს გამოცდილების ოთახი“.
„ორიონი“ სამუშაო დღეებში 9:00 საათიდან 17:00 საათამდე ემსახურება ბენეფიციარებს. აქ არის ორჯერადი სამკომპონენტიანი კვება. ცენტრის სტანდარტებშია ტრანსპორტით მომსახურებაც. დღის ცენტრს თავად არ ჰყავს ავტომობილი, ამიტომ ტრანსპორტირების თანხას მშობელს ურიცხავენ.
ა/ო „ორიონის“ ხელმძღვანელის ჟანა ფერაძის თქმით, მათი გუნდის მიზანია, აღსაზრდელებს აკადემიური უნარების გარდა, პროფესიული და პირადი მოვლის უნარ-ჩვევებიც განუვითარონ. ხელს უწყობენ შშმ პირთა ოჯახის წევრების ფსიქო-ემოციურ გაძლიერებას და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც ზრუნავენ.
– ქალბატონო ჟანა, როგორ გაგიჩნდათ „ორიონის“ დაარსების იდეა? ამ საქმიანობაში რა გაძლევთ მოტივაციას?
– 1989 წელს, ზურაბ ჟვანიას მხარდაჭრით, სათავეში ჩავუდექი მწვანეთა პარტიის რაიონულ ორგანიზაციას, რომელიც ეკოლოგიაზე იყო ორიენტირებული. ზესტაფონში ეკოლოგიური პრობლემების კვლევისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრი ადამიანი აღმოვაჩინეთ. ისინი იზოლირებულად ცხოვრობდნენ. მეზობლებმაც კი არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ. ამ ფაქტებმა შემძრა. გადავწყვიტე, მათ როგორმე დავხმარებოდი.
2004 წელს დავაფუძნე ა/ო „ორიონი“. შემოვიკრიბე თანამოაზრეები. კარდაკარ დავდიოდით და ვიკვლევდით შშმ პირების ოჯახთა საჭიროებებს.
პირველად ზესტაფონში ჩვენ შემოვიტანეთ 300 ეტლი. თეატრის შენობაში მოვაწყვეთ ეტლების გადაცემის ღონისძიება. მშობლებს ხელში აყვანილი მოჰყავდათ შშმ ბავშვები და იქვე სვავდნენ ეტლში.
ხალხისაგან სავსე დარბაზში სამარისებური სიჩუმე იყო. მათ პირველად დაინახეს ამდენი შშმ ადამიანი. ეს ჩემთვის ძალზედ დამთრგუნველი იყო, ამავე დროს საამაყოც, რადგან ამ ადამიანებს გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა მივეცით. ღონისძიების შემდგომ ზესტაფონში გადავკეტეთ ცენტრალური ქუჩა, სადაც ეტლით მოსარგებლე სამასი პირი გამოვიდა. ეს მარში გახდა ახალი ცხოვრების დასაწყისი ამ ადამიანებისთვისაც და ჩვენთვისაც.
მთელ სულსა და გულს ვდებ ამ საქმეში იმიტომ, რომ მინდა ეს ადამიანები ბედნიერები იყვნენ. ვცდილობ, საკუთარი თავი შშმ ბავშვების დედების „ტყავში“ წარმოვიდგინო. ბავშვებისთვის ტკივილის შემსუბუქებით, მშობლებს ბედნიერებას ვანიჭებ.
ჩვენი აღსაზრდელების მშობლებს ზოგჯერ ერთი შეხედვით მცირე რამ ახარებთ, – ბედნიერები არიან, როდესაც დაინახავენ, რომ მათი შვილი დამოუკიდებლად ჭამს.
ერთი ბავშვის მამა მოვიდა ჩემთან და მითხრა – მხოლოდ ერთს გთხოვთ, ჩემს შვილს ჭამა ასწავლეთ. მე რომ აღარ ვიქნები, მეშინია, შიმშილით არ მომიკვდესო.
ამ ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია. ვიღაცისთვის ბედნიერების ზღვარი გადის იქ, რომ შვილმა დამოუკიდებლად ჭამოს. თუ შენ ამ ბედნიერების მინიჭება შეგიძლია, მაშინ როგორ უნდა დაიხიო უკან. ჩემი თანამშრომლები თავდაუზოგავად შრომობენ მიზერულ ხელფასზე. ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან. დიდი გული თუ არ გაქვს, აქ ვერ იმუშავებ.
– რა პროცედურები უნდა გაიარონ ბენეფიციარებსმა„ორიონის“ დღის ცენტრში მოსახვედრად?
– ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უნდა ჰქონდეს. მშობელს სოციალურ სააგენტოში ფორმა #100 მიაქვს და განცხადებას წერს. მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროში იგზავნება. სამინისტროდან განაცხადის ჩამოსვლის შემდეგ ბავშვი დღის ცენტრში ჩაირიცხება.
– რამდენადაც ვიცით, „ორიონში“ ასევე შესაძლებელია ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვა.
– „ორიონი“ 2018 წლიდან ჩაერთო ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში. ბავშვი ასაკის შესაბამისად უნდა იყოს განვითარებული.
დღეს ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ეს განვითარება ფერხდება. ბავშვები ვერ მეტყველებენ, აქვთ კომუნიკაციის პრობლემა. ამ პრობლემის საწყისი ოჯახიდან მოდის. მშობლებმა შვილებთან თამაში არ იციან.
ტელეფონითა და სხვა ციფრული მოწყობილობით კი არა, ბავშვი თამაშითა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით აღიქვამს სამყაროსა და თავის თავს. აუცილებელია პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მისი გამოსწორებისთვის მუშაობის დაწყება. ადრეული განვითარების ცენტრის მიზანიც სწორედ ეს არის.
ამჟამად „ორიონს“ განვითარების შეფერხების მქონე 0-7 წლამდე ასაკის ასი ბავშვის მიღება შეუძლია. თითო ბავშვზე გათვალისწინებულია ერთწლიანი ვაუჩერი, რომელიც თვეში რვა ვიზიტს მოიცავს.
ჩვენი გადამზადებული მასწავლებლები ოჯახებში აკითხავენ ბავშვებს. ოჯახის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.
თერჯოლასა და ხარაგაულში ადგილობრივი კადრები გადავამზადეთ, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს სპეციალისტებისთვის ოჯახებში სიარული.
ხარაგაულში ჩვენი ცენტრის სპეციალისტია ნინო ჩერქეზიშვილი, – თავისი საქმის მცოდნე და კარგი ადამიანი.
– 18 წელზე უფროსი პირებისთვის რა პროგრამები გაქვთ?
– ჩვენი ბენეფიციარები 18 წლამდე საუკეთესო მომსახურებას იღებდნენ. 18 წლის შემდეგ კი სახლში და უყურადღებოდ რჩებოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეზრუნა მათი პროფესიული უნარების განვითარებაზე, რის შემდეგაც დასაქმების შანსი მიეცემოდათ.
არსებობს სახელმწიფოს დასაქმებისა და სუბსიდირების პროგრამა. კონკრეტული საწარმო თუ გამოაცხადებს ვაკანსიას, ჩვენს ბენეფიციარს შეუძლია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი, რომელიც ამ ადამიანებს აგრძნობინებს, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ჩვენი ორი ბენეფიციარი ამ პროგრამით დასაქმდა.
– გვიამბეთ თქვენი განსაკუთრებული წარმატებების შესახებ.
– 2019 წელს პოლონეთში თეატრალური ფესტივალის ლაურეატები გავხდით. ჩვენმა ბენეფიციარებმა, გიგა მიქაძის რეჟისორობით, წარადგინეს სპექტაკლი „ევოლუცია“. წელს პანდემიის გამო პოლონეთში ეს ფესტივალი ვეღარ გაიმართა.
– რა პრობლემები აქვს „ორიონს“?
– „ორიონის“ ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი შენობის უქონლობაა. ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის შენობაში ვიმყოფებით, რომელიც იჯარით გვაქვს აღებული. ყოველ წელს არის იმის რისკი, რომ ამ შენობის დატოვება მოგვიწევს.
ჩვენს ცენტრს, ვაუჩერულის გარდა, სხვა დაფინანსება არ აქვს. კერძო მომსახურებასაც ვახორციელებთ და აქედანაც შემოგვდის თანხები. ვერთვებით პროექტებში. ერთ-ერთი ასეთი პროექტის დახმარებით წიგნები შევიძინეთ. ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და კარგი მენეჯმენტის საშუალებით ყველა სტანდარტულ მომსახურებას ვახორციელებთ.
– მომავალში ახალი პროგრამების დამატება ხომ არ იგეგმება?
– ჩვენ ვაპირებთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის თერაპიების დამატებას. სპეციალისტები უკვე გადავამზადეთ რთული ქცევის მართვაში. მოლაპარაკებები გვაქვს ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან, რომ პროგრამული დაფინანსება მივიღოთ.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.