გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დღეს, 2 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ნახევრად დისტანციურად წარიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, „ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხუთი დეპუტატი კი იზოლაციაშია. ამიტომ ვინც სხდომაზე ფიზიკურად ვერ მოვიდა, დისტანციურად დაგვესწრებიან“.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში 14 დეპუტატი შეიკრიბა. ოთხი დეპუტატი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ვანო ჭიპაშვილმა თქვა, სხდომას ვაიბერში შეურთდა.

სხდომის ნახევრად დისტანციურ რეჟიმში ჩატარება უარყოფითად შეაფასეს საკრებულოს წევრმა, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ინგა მაღრაძემ და დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ თემურ ფცქიალაძემ.

ინგა მაღრაძის აზრით, საკრებულოს სხდომა ზუმის პლატფორმით უნდა ჩატარებულიყო, რომ დეპუტატებს დაენახათ, ვინ მონაწილეობდა სხდომებში. მან სხდომის კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ ცალკე ნორმატიული აქტი უნდა გამოცემულიყო სხდომის ასეთი ფორმატით ჩასატარებლად.

ინგა მაღრაძემ ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა დარბაზის მოწყობა მოითხოვა.

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის განმარტებით, სხდომის ონლაინ რეჟიმში ჩატარებას მთავრობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი არეგულირებს.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობაში სხდომათა დარბაზის მოწყობის საკითხს 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმავენ.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელიც ამავდროულად საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტია, კოვიდრეგულაციების დაცვა რომ შეუძლებელია, ამ ფაქტს საკრებულოს წევრები დიდი ხანია აპროტესტებენ.