„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა შარლ მიშელის დოკუმენტს არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები ამ შეთანხმებას მუდმივად არღვევენ. ამის გამო, კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.

„დღეს დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, – აღნიშნა კობახიძემ, – მიუხედავად იმისა, რომ  ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, ვხედავთ, რომ  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ.

თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

ამ ვითარებაში „ქართული ოცნების მხრიდან“ შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება.

19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან არ დასრულებულა.

ჩვენ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე განვაცხადეთ, რომ საარჩევნო და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების გარეშეც განხორციელდებოდა.

შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები სიღრმისეულად განიხილება და მიიღება.

შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება პასუხისმგებლობები ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ.

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%ის, არამედ 53%ის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული“.

ამავე თემაზე
„ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს