ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხისა და ვერტყვიჭალის სკოლის თანამშრომელთა უმრავლესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით თავად ამ სკოლების მასწავლებლებმა გაავრცელეს.

კიცხის სკოლის მასწავლებელი ნინო გაგოშიძე ამბობს, რომ მასწავლებლებს ერთად აცრის იდეა საერთო ჩათში მიმოწერისას გაუჩნდათ.

გასული წლის შემოდგომაზე გრიპის საწინააღმდეგო აცრა გავიკეთე და საკუთარი თავის ძალიან კმაყოფილი ვარ, – ამბობს ნინო გაგოშიძე, – კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები რომ დაიწყო, ანტივაქსერების კამპანია გააქტიურდა. უკუჩვენება, შესაძლოა, ყველა აცრას ჰქონდეს.

აცრა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ 15 სექტემბერს უფრო თამამად შევიდეთ სკოლაში. მე და ჩემი კოლეგები ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ აუცრელობით ზიანი არ მივაყენოთ მოსწავლეებს, საზოგადოებას და სასწავლო პროცესი არ შევაფერხოთ. აუცილებელია, რომ ზაფხული ყველა მასწავლებელმა გამოიყენოს და აიცრას“.

კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ სტერეოტიპებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ჭორებს არ მოვუსმინოთ.

„ყველა აცრასთან დაკავშირებით არსებობდა და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, – ამბობს თამარ წიწილაშვილი, – კაცობრიობა დაიღუპებოდა ყვავილისა და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრები რომ არ ჩატარებულიყო. ვაქცინაციის პროცესში მასწავლებლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება. საკუთართან ერთად, მოსწავლეების ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ. მიმაჩნია, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლების თანამშრომლები აცრილები უნდა შევხვდეთ“.

ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე ერთ-ერთი პირველი აიცრა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვაქცინები შემოვიდა. ის ამბობს, რომ სკოლის 30 თანამშრომლიდან 22 უკვე აცრილია. ლენა აბაშიძე იმედოვნებს, რომ სწავლის დაწყებამდე სკოლის ყველა თანამშრომელი აიცრება.

„ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და აცრით კორონავირუსისგან საკუთარი თავიც დავიცავი და სხვებიც, – ამბობს ლენა აბაშიძე, – შემდეგ ჩემს თანამშრომლებსაც გაუჩნდათ აცრის სურვილი. ზოგმა ქუთაისში, ზოგმა თბილისში, ზოგმაც ხაშურში აიცრა. არც ერთს არავითარი გართულება არ ჰქონია.

საზოგადოებას მაგალითი ჩვენ უნდა მივცეთ, რომ მოსწავლეები იყვნენ უსაფრთხოდ და დაცულად“.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ ყოველი კვირის ბოლოს სკოლების ადმინისტრაციებს უკავშირდება და აცრილ თანამშრომელთა რაოდენობით ინტერესდება. მისი ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის საჯარო სკოლების თანამშრომელთა 50% აცრილი შეხვდება.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული 250 თანამშრომლიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ 30 აიცრა. კიდევ 30 თანამშრომელი კი უახლოეს მომავალში აპირებს აცრას.

ნინო კაპანაძე