ათ წელზე მეტია, რაც ხარაგაულის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილება გაუქმდა.

ახალ საავადმყოფოში, რომელიც ხარაგაულში 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა, სამშობიარო განყოფილება არ არის. ხარაგაულელი ქალები სხვა ქალაქებში მშობიარობენ.

„ჩვენი კოლეგა ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების მხრიდან წამოვიდა კარგი წინადადება ხარაგაულის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილების ამოქმედების თაობაზე, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – ჯანდაცვის სამინისტროში გავაგზავნე წერილი ამ მოთხოვნით, რომელსაც თან ხარაგაულში მცხოვრები 200 ქალის ხელმოწერა ახლავს. ვნახოთ, ჯანდაცვის სამინისტროსგან რა პასუხს მივიღებთ“.

რამდენად შესაძლებელია ხარაგაულის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილების ამოქმედება, – ამის გასარკვევად შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს დავუკავშირდით. მისგან მოპოვებული ინფორმაციით, საავადმყოფოში სამშობიაროს გახსნას „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება არეგულირებს.

„ამ ბრძანების საფუძველზე, ისეთ რეგიონებში, სადაც არის ძალიან დაბალი შობადობა, რეფორმა განხორციელდა, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, – მაგალითად, ონში ჩვენ სამშობიარო განყოფილება გავაჩერეთ. მაღალკვალიფიციურ გინეკოლოგსა და ნეონატოლოგს, ცოდნასთან ერთად, პრაქტიკა უნდა ჰქონდეთ. რეფორმის შედეგად მივიღეთ ის, რომ მშობიარობისას ჩვილთა სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა. თუ ყოველთვიურად საავადმყოფოში 70 მშობიარობა არ არის, იქ სამშობიარო განყოფილებას ვერ გავხსნით.

სამშობიაროს არსებობა მუნიციპალიტეტში შობადობას არ აძლიერებს და არ ზრდის“.

ცნობისთვის,2020 წელს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 145  ახალშობილი შეემატა.