წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდა გივი მელქაძე ხარაგაულელ სტუდენტებს შეხვდა.

გივი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მუშაობს. ის ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია ეკონომიკის დარგში. ლექციებს კითხულობს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ასევე ბაკალავრიატშიც, მაკროეკონომიკის მიმართულებით. ჩართულია კვლევებში და წერს სამეცნიერო სტატიებს.

გივი მელქაძემ წარმატების მისაღწევად დიდი და რთული გზა განვლო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძო. ამავე პერიოდში მან სტაჟირება ლონდონში, ევროპის განვითარებისა და რეკონსტუქციის ბანკში გაიარა. ამის შემდეგ გივი ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა.

ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრების დაწყება არ გასჭირვებია, რადგან იქაური საზოგადოება მიმღებლობით გამოირჩევა. გივი თვლის, რომ ამერიკისა და საქართველოს განათლების სისტემები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ამერიკაში ფოკუსი ანალიტიკურ და კრეატიულ აზროვნებაზე კეთდება.

„სკოლა ხარაგაულში დავამთავრე და არ ვფიქრობ, რომ ზოგადი განათლების მისაღებად, დიდი ქალაქი უფრო მეტ გასაქანს იძლევა, – ამბობს გივი, – რაც შეეხება ამერიკის განათლების სისტემას, უფრო მეტად ინდივიდუალიზმზეა ორიენტირებული, თითოეულ სტუდენტსა და მოსწავლეზეა მორგებული“.

გივი მელქაძე უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან რამდენიმეწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული იმ უნივერსიტეტთან, სადაც ახლა მუშაობს.

„საქართველოში მომავალი წლის მაისში ჩამოვალ, ორი თვით. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ლექციები უნდა წავიკითხო. ვცდილობ, ჩემი გამოცდილება აქაურ სტუდენტებს გავუზიარო.

ჩემი აზრით, წარმატება მრავალნაირად შეიძლება განისაზღვროს. წარმატებისკენ მიმავალი ერთი გზა არ არსებობს. ახალგაზრდებმა იმ საქმეში უნდა დახარჯონ დრო, რაშიც ინტელექტუალური ინვესტიციის ჩადება არ ეზარებათ; იმ საქმეში უნდა განვითარდნენ, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს. ადამიანი მიზანს თუ დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს“.

შეხვედრამდე გივი მელქაძემ, სტუდენტებთან ერთად, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ახალი ექსპონატები დაათვალიერა.

შეხვედრა ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, ასევე ხარაგაულის განათლების რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე: გივი მელქაძე ხარაგაულელ სტუდენტებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად ხარაგაულის მუზეუმში