ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის წარჩინებით კურსდამთავრებულმა გიგა ხიჯაკაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაასრულა და ახლა შედეგების მოლოდინშია.

სწავლის გაგრძელება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებზე სურს, რადგან თვლის, რომ ეს მომავლის პროფესიაა.

აბიტურიენტობისას საკუთარ თავზე ბევრმა მუშაობამ, ცოდნასთან ერთად, თვითდაჯერებულობაც შესძინა. ეს კი, გამოცდაზე ცოდნის გამოსავლენად, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. გიგა მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები რთული არ არის და სასურველ შედეგსაც ელოდება.

– გიგა, უმაღლეს სასწავლებლებში რომ სწავლა დისტანციურად განახლდეს, რამდენად დასაძლევი იქნება შენთვის, როგორც პირველკურსელისთვის, ასეთი მდგომარეობა?

– ჩემი აზრით, სტუდენტობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს. ლექტორებთან და სტუდენტებთან უშუალო კავშირი, კარგი განათლების მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ინფორმაციის გაცვლა, ლექტორებთან და ჯგუფელებთან ურთიერთობები ბევრად მეტს იძლევა, ვიდრე სახლში ჯდომა და კომპიუტერის ეკრანიდან ლექციებზე დასწრება.

– ხარაგაულში ახალგაზრდების მიგრაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები უკან აღარ ბრუნდებიან. შენ თუ აპირებ ხარაგაულში დაბრუნებას? რა პირობები უნდა იყოს აქ ისეთი, რომ ახალგაზრდებს მშობლიურ რაიონში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ?

– ხშირად ვამბობდი ხოლმე, რომ სოფელში უნდა ვიცხოვრო. თუმცა, ჯერჯერობით, თბილისში მომიწევს ყოფნა ზუსტად იმის გამო, რატომაც ახალგაზრდები დედაქალაქში რჩებიან. თბილისში არის პროფესიით დასაქმებისა და განვითარების უფრო მეტი რესურსი, შესაძლებლობა და პერსპექტივა. ბევრად უფრო რთულია ხარაგაულში ცხოვრება. არა მგონია, რაიმე პირობების შექმნამ ახალგაზრდები ხარაგაულში დააბრუნოს. ეს თვითონ მათ უნდა მოუნდეთ. ურბანიზაცია ყველა ქვეყანაშია. მხოლოდ საქართველო არ არის გამონაკლისი. რაიონში ცხოვრება უფრო დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ფიზიკური შრომაც გიწევს. ამ ყველაფერს კი ახალგაზრდობა ერიდება. მათი სურვილი თუ იქნება, რთულ ცხოვრებას შეეჭიდონ, მაშინ ალბათ დაბრუნდებიან.

– გიგა, ცნობილი მეფუტკრეების ოჯახში აღიზარდე. თავადაც ხომ არ ხარ მეფუტკრეობით დაინტერესებული?

– მამას პატარაობიდან ვეხმარებოდი. ბოლო წლებია, ვეღარ ვახერხებ. მეფუტკრეობა საინტერესო და კომპლექსური პროფესიაა. დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ, მაგრამ იმის ცალსახად თქმა, გავაგრძელებ თუ არა ამ ოჯახურ ტრადიციას, მიჭირს.

– შენთვის, როგორც მომავალი სტუდენტისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული გზა? რა პერსპექტივებთანაა დაკავშირებული ახალგაზრდებისთვის ამ გზაზე სიარული?

– ევროპა ჩემთვის განვითარებასთან და წინსვლასთან ასოცირდება. ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მსოფლმხედველობის შეცვლა აუცილებელია. ადამიანებმა ლიბერალიზმი, თავისუფლების რეალური არსი სწორად უნდა გაიაზრონ. ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო. ამ პიროვნების შემდეგ რომელიღაც ქართველი გამოდის და ამბობს, ევროპა არ გვინდაო. კარგი ტრადიციები უნდა დავიცვათ, მაგრამ რის მიღმაც ძალადობა, ჩაგვრა და აგრესიაა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტრადიციასთან და სარწმუნოებასთან. ნებისმიერი ძალადობა ჩემთვის მიუღებელია.

– რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად?

– თავდაუზოგავი შრომა – უშრომლად დასახულ მიზნამდე ვერ მიაღწევ.

ლიკა ხიჯაკაძე