ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველი დარბაზში 20 ივლისს წიგნის „ხარაგაულის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა.

„ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მუშაობა 1981 წელს დავიწყე, – ამბობს წიგნის მთავარი რედაქტორი ზეინაბ ბუაჩიძე, – როცა პირველად შევეხე აქ დაცულ უნიკალურ ექსპონატებს, გამიჩნდა სურვილი, ხარაგაულის ისტორია წიგნად გამომეცა. კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა მოგვაწოდა იდეა, რომ შეგვექმნა წიგნი, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის დახმარებით დავიწყეთ მუშაობა, თითქმის ყველა სოფლიდან მოვიდა მასალები. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო. მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ეკატერინე შველიძისა და მუზეუმის ფონდების კურატორის, ეთერ ვეფხვაძის დახმარებით დავიწყე მუშაობა. წიგნის პირველ გამოცემაში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დავბეჭდეთ, ბევრი შეცდომა გაიპარა. თუმცა, რომ არა პირველი გამოცემა, ვერ შეიქმნებოდა წიგნის შესწორებული ვარიანტი, რაც ხელმომწერლების დახმარებით გამოვეცით“.

წიგნის პრეზენტაციისას, ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ მდივნიშვილმა, მარიამ კიკალიშვილმა, თათული და თეო ჭიპაშვილებმა ვრცლად ისაუბრეს წიგნში „ხარაგაულის ქრონიკები“ ასახულ მნიშვნელოვან თემებზე.

ღონისძიებაზე ერეკლე და ვაჩე კურტანიძეებმა ხარაგაულელი პოეტების ლექსები წაიკითხეს.

წიგნის „ხარაგაულის ქრონიკები“ შედგენაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ისტორიული მეზეუმის მეცნიერები, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები, ხარაგაულში მოქმედი სკოლების პედაგოგები. კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნა რუკები.

წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ჩვენი კუთხის ისტორია, რაიონის არქეოლოგიური მასალების მიმოხილვა, ხარაგაულის ახალი და უახლესი ისტორია; მეორე მსოფლიო ომი და ხარაგაული; მედიცინის განვითარების, ტაძრის მშენებლობის ისტორია. მასში მოთხრობილია ხარაგაულში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ, ხარაგაულის სახალხო, თოჯინების, ლიტერატურული თეატრების ისტორიები, ხარაგაულის პრესის ქრონიკები,  ცნობილი ხარაგაულელების ბიოგრაფიები და სხვა მრავალი ისტორიული ნარკვევი ხარაგაულზე.

წიგნზე მუშაობდა ავტორთა ჯგუფი – ზეინაბ ბუაჩიძე, რევაზ კვირკვაია, ეკატერინე შველიძე, გიორგი მუხურაძე, მერი მდივნიშვილი, თემურ ბლუაშვილი, ეთერ-თეკლა ვეფხვაძე, ლაურა გოგოლაძე, მერი გიორგიძე, იზოლდა ოკრიბელაშვილი, მარინე ჩუბინიძე, გივი კურტანიძე, ნიკოლოზ დეკანოსიძე, ზაზა ლურსმანაშვილი და სხვები.

წიგნის მეორე ნაწილში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პედაგოგების მიერ შექმნილი მათი მშობლიური კუთხეებისა და სოფლების ისტორიებია წარმოდგენილი.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა გივი კურტანიძის დოკუმენტური ფილმის „ორიოდ სიტყვა ხარაგაულის სახელწოდების შესახებ“ ჩვენება.

თამთა გოგოლაძე