ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველთა ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის პროცესი არ მიმდინარეობს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვეტერინართა ჯგუფები ვერ შედგა. კერძო ვეტერინარები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოველთა ვაქცინაციაზე უარს რამდენიმე გარემოების გამო აცხადებენ.

ერთ-ერთი პრობლემაა ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმართაობა და ამ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძო ვეტერინარები საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და რთულად სავალ გზებზე მგზავრობა არ სურთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცოფზე ვაქცინაციის გარეშე დარჩნენ ძაღლები და კატები. ამ ცხოველების ცოფზე აცრა კი წელიწადში ერთხელ აუცილებელია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ხარაგაულში ავთანდილ ვეფხვაძე ამბობს, რომ ცოფზე ვაქცინაციისთვის მას ინდივიდუალურად უნდა დაუკავშირდნენ, ცხოველი მიუყვანონ და ასეთნაირად აცრის. სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისთვის ცხოველის ხარაგაულში მოყვანა უჭირს.

„მოსახლეობა წინასწარ ტელეფონით მირეკავს და მატყობინებს, რომ ცხოველს ცოფზე ვაქცინაციისთვის მოიყვანს. იმ შემთხვევაში, თუ ასაკოვანი ადამიანები ცხოველის მოყვანას ვერ ახერხებენ, მათთან თავად მივდივარ და ცხოველს ვცრი. სოფლებში კარდაკარ სიარულს ნამდვილად ვერ მოვახერხებ. ხარაგაულში 78 დასახლებული პუნქტია.

წინა წლებში ვეტერინართა სამი ექვსკაციანი ჯგუფი მუშაობდ და ცხოველთა ვაქცინაციის პროცესი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვაქცინაციის შეფერხებასთან დაკავშირებით ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ყველაფერი მაინც კერძო ვეტერინარებზეა დამოკიდებული. ისინი თუ თანახმა იქნებიან, ხელშეკრულების გაფორმება ახლავე შეიძლება“.

ავთანდილ ვეფხვაძე ამბობს, რომ წელს მისი ჩართულობით ხარაგაულის ოთხ სოფელში – ჩრდილი, ზვარე, ნუნისი, დეისი, – ცხოველები ჯილეხზე აიცრა. სოფელი ჩრდილი ჯილეხის კერას წარმოადგენს, – შარშან იქ ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა.

დანარჩენ სოფლებში კი ცხოველები იმიტომ აცრეს, რომ მათი საძოვრები სოფელ ჩრდილს ესაზღვრება. აქედან გამომდინარე, ჯილეხის დაფიქსირების შემთხვევაში, მხოლოდ ამ ოთხი სოფლის მოსახლეობა მიიღებს სახელმწიფოსგან კომპენსაციას.

„2020 წლამდე ხარაგაულში ყველა სახის ღონისძიება ჩატარდა. ცხოველები ავცერით ბრუცელოზზე, თურქულსა და მოდულარულ დერმატიტზე. ამ პერიოდში მასიურად მიმდინარეობდა ცხოველების იდენტიფიკაცია და საყურე ნიშნების დადება, – ამბობს ავთანდილ ვეფხვაძე, – ბოლო წლებია, ხარაგაულში ეს პროცესი შეჩერდა.

მსხვილფეხა ცხოველთა მოზარდ თაობას არც ვაქცინაცია აქვს ჩატარებული და არც იდენტიფიცირებულები არიან. ეს ნამდვილად პრობლემაა. მოსახლეობა ინდივიდუალურად მიკავშირდება და ცხოველთა იდენტიფიკაციას მთხოვს. ამ კუთხით ნებისმიერ მსურველს შემიძლია დავეხმარო.

ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ხარაგაულში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდეს“, – ამბობს ავთანდილ ვეფხვაძე.

აპირებს თუ არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ხარაგაულის თვითმმართველობა იმისათვის, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის პროცესი განახლდეს და მოსახლეობას ვეტერინარულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაეზარდოს, – ამ კითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

„საგზაო ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფიქრობს მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას და მის ნაცვლად ისეთი ახალი კონტრაქტორის მოძიებას, რომელიც საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდება.

ხარაგაულიდან მოლითამდე გზის რეაბილიტაცია კარგი ტემპით მიმდინარეობს. გზის ხარაგაული-საღანძილის მონაკვეთზე პირველი საფარის დაგება მალე დასრულდება. ასე რომ, ნახევარი გზა კეთილმოწყობილი იქნება და ვეტერინარებს ტრანსპორტირება თავისუფლად შეეძლებათ.

ვეტერინარები ჩვენს ფერმერებს მომსახურებას მოთხოვნის შესაბამისად უნდა უწევდნენ; მათ შორის – მთის საძოვრებზეც, სადაც მოასფალტებული გზები ნამდვილად არ არის. ვეტერინარის პროფესია ისეთია, რომ უგზოობასა და რთულ რელიეფურ სიტუაციაშიც უნდა იმუშაონ. არ ვიცი, პასუხისმგებლობას რატომ გაურბიან.

ხარაგაულში ცხოველთა ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის პროცესი რომ არ მიმდინარეობს, ამაზე ინფორმირებული ვარ. ზოგადად, ხარაგაული ვეტერინარების სიმრავლით არ გამოირჩევა. თუ სხვა მუნიციპალიტეტებიდან სპეციალისტების მოწვევა საჭიროა და ვეტერინარიის სამსახურს რესურსი არ ჰყოფნის, მუნიციპალიტეტი მათ ფინანსურად დაეხმარება. ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და არა – ვეტერინარების დასუფსიდირება“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროს ინსპექტორს ხარაგაულში ავთანდილ ვეფხვაძეშეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით – 595 22 11 50.

ლიკა ხიჯაკაძე