

ახალგაზრდა პოეტის, დავით ჯიმშიაშვილის, სადებიუტო კრებულის პრეზენტაცია 28 იანვარს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. დამწყები პოეტის პირველ კრებულს „იწყებ თავიდან“ ჰქვია რადგან, როგორც ავტორი აღნიშნავს, ლექსებში ხშირად იყენებს სახელწოდების სინონიმურ სიტყვებს და ფიქრობს, რომ ბევრი რამ თავიდან აქვს დასაწყები. დავით ჯიმშიაშვილი ხარაგაულიდანაა, პრეზენტაციას მისი მეგობარი პოეტებიც ესწრებოდნენ და მასთან ერთად კითხულობდნენ ავტორის ლექსებს. საღამოს ხარაგაულის ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ აფორმებდა. „კახორი“ თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა.
დავით ჯიმშიაშვილმა პირველი ლექსი 26 წლის ასაკში დაწერა, მაშინ, როდესაც პრობლემები ჰქონდა, ჯანმრთელობამ შეაწუხა, ცხოვრება ეტკინა და უნდოდა, რაღაც ეთქვა. ამავე პერიოდში ცალმხრივად შეუყვარდა, გრძნობამ კი პირველი ლექსი დააწერინა.
„ჩემი განცდების ამოთქმა და მათი ფურცელზე გადატანა მომინდა. ბავშვობაში საშინაო დავალების მეტს არაფერს ვწერდი. პირველად მან სან კანისთვის დავწერე ერთსტროფიანი ლექსი. წლების შემდეგ, ერთ ღამეს გამახსენდა ის ლექსი, გამახსენდა, რომ ვწერდი და ვიფიქრე, იქნებ ახლაც გამომივიდეს-მეთქი და დავიწყე წერა. ლექსი ჩემს მეგობრებს წავაკითხე. მათ მომიწონეს და გადავწყვიტე გამეგრძელებინა. ასე დამიგროვდა ისინი და მომინდა ერთ წიგნად შემეკრა, ხალხს წაეკითხა და გაეგო, თუ რაზე ვწერ, რა მაწუხებს და როგორ ვაზროვნებ,“ – თქვა პოეტმა.
კრებულის გამოცემის იდეა ავტორს თავად გაუჩნდა. სურვილის ასრულებაში კი რედაქტორი მაია მიქაია ეხმარებოდა. ამ ეტაპზე წიგნის ტირაჟი 500 ეგზემპლარია და მისი შეძენა წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი. პოეტს წიგნის პირველი პრეზენტაცია ხარაგაულში უნდოდა გაეკეთებინა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. თბილისით დაიწყო და აპირებს გააგრძელოს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს ნელ-ნელა გააცნოს თავისი შემოქმედება.
„კრებულში 146 ლექსია შესული. მინდა ჩემი ლექსები ხალხმა წაიკითხოს, უკეთესად გამიცნობენ ამის შემდეგ. ძირითადად ცხოვრებაზე ვწერ, ლირიული ჩანაწერები მაქვს. ვწერ სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, ცოტ-ცოტას ვეხები ყველაფერს. ხშირად დავდივარ მეგობარ პოეტებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ვმართავთ პოეზიის საღამოებს. ვიყავით სიღნაღში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, ასევე დუშეთშიც. ასე დავდივართ თავისუფალ დროს და ვმართავთ საღამოებს, ჩვენს შემოქმედებას ვაცნობთ მსმენელს,“ – აღნიშნავს დავით ჯიმშიაშვილი.
ამჟამად პოეტი მუზის გარეშეა დარჩენილი. ბოლო ლექსი 2 იანვარს დაწერა, მუზა წავიდა, მის გარეშე კი არ ეწერება. მისი საყვარელი პოეტებია შოთა ნიშნიანიძე და გალაკტიონ ტაბიძე. მათი შემოქმედება მისთვის სამაგალითოა. მიაჩნია, რომ ადამიანი წერას მაშინ იწყებს, როცა რაღაც აწუხებს. „შეიძლება სიმართლის თქმა უნდა და იმიტომ წერს, ან შეიძლება უსიყვარულობა აწუხებდეს და ამიტომ დაწეროს. პოეზიაში ვიპოვე შვება. პოეზიით ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდოდა. გავიცანი ხალხი, უკვე ჩემი მეგობარი პოეტები და პოეტესები. სოციალური ქსელით ვუგზავნი და ვაკითხებ მათ ჩემს ლექსებს. მირჩევენ, ვმსჯელობთ, ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ და ვიზრდებით. დამწყები პოეტს საზოგადოებასთან კომუნიკაცია სჭირდება. ვთვლი, რომ ჩემი ლექსები ცუდი არაა. ამიტომ მინდა, რომ გამიცნონ და შემაფასონ. მინდა, რომ კრიტიკოსებმა წაიკითხონ ჩემი კრებული, გაარჩიონ და მათი შენიშვნების გათვალისწინებით მეტს ვისწავლი,“ – ამბობს პოეტი.
წიგნის რედაქტორი მაია მიქაია შედეგით კმაყოფილია. ბევრი შრომა დაჭირდათ, პოეტი იღებდა ყველა რჩევასა თუ შენიშვნას, რამაც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა კრებულის შექმნაში. „დათო კარგი ადამიანი და პოეტია, კიდევ უფრო დაღვინდება, კიდევ უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას მიაღწევს. რაც მთავარია, ძალიან სუფთა ადამიანია, რაც ჩანს მის ლექსებში, დამოკიდებულებაში და ყველაფერში, რაზეც და ვისზეც წერს ის. ამ წიგნზე ბევრი ვიმუშავეთ. მან მომცა მის სულიერ სამყაროში ხელების ფათურისა და რაღაცების შესწორების უფლება. მისმენდა და მიჯერებდა. კარგად ვითანამშრომლეთ. წიგნი გამოიცა „კალმოსანის“ გამომცემლობაში. დათოს შრომა, შემოქმედება უნდა დაფასდეს. ის კიდევ უფრო გაიზრდება. დათო რომ მომავალში საუკეთესო ლექსებს შექმნის, ამის საფუძველი ამ წიგნში ჩანს. ვიმედოვნებ, რომ კვლავ გამოსცემს კრებულებს და ასახელებს თავის ხარაგაულს, რადგან მშობლიური კუთხე ძალიან უყვარს,“ – ამბობს კრებულის რედაქტორი მაია მიქაია.
პოეზიის საღამო მუსიკალურად გააფორმა ხარაგაულის ფოლკლორულმა ანსამბლმა „კახორი“. „დათომ გვთხოვა, გაგვეფორმებინა მისი საღამო მუსიკალურად და ჩვენც დავთანხმდით. დათო ძალიან კარგი ადამიანია. მის რამდენიმე ლექსს ვიცნობ, მთლიან შემოქმედებას კი ამ კრებულით გავეცნობი. პრეზენტაციიდან დავინახე, რომ ნიჭიერი პიროვნებაა,“ – ამბობს ანსამბლ „კახორის“ ლოტბარი მაია მაღრაძე.
საღამოში აქტიურად ჩაერთენ პოეტის მეგობრები. ისინი კითხულობდნენ ლექსებს, ულოცავდენენ დებიუტს და წარმატებებს უსურვებდნენ ახალგაზრდა შემოქმედს. „პოეტისთვის მთავარი პირველი კრებულია, მერე უკვე შვილებივით გყავს, გინდა გამოუშვა ახალი კრებული, მოუფრთხილდე მას. ყველა პოეტს მოსწონს, რომ საზოგადოებაში ქმნის განწყობას, ასევდიანებს და აღიმებს მათ. ვულოცავ დათოს ამ წარმატებას, მისი ნაფიქრალი უკვე შეგვიძლია სახლში გვედოს და წავიკითხოთ,“ – აღნიშნა გიორგი გოგოლაძემ.
საღამოზე აუდიტორია დაინტერესდა იმ ისტორიებითაც, რომლებმაც ლექსების შექმნა განაპირობა. პოეტი დიდი სიყვარულით წერს თავის კუთხეზე, აღტაცებით – თავის მეგობრებზე, სამშობლოზე, ტკივილით კი – გარდაცვლილ ბიძაშვილზე. ყველა გამომსვლელი განსაკუთრებით აღნიშნავდა დავითის პიროვნულ თვისებებს.
მარიამ თორიასთვის პოეტები ორ კატეგორიად იყოფიან – ზოგ მათგანთან შეიძლება სასიამოვნო ურთიერთობა გქონდეს, ზოგი კი გამძიმებდეს. დათოსთან ყოფნა მისთვის სიამოვნებაა და ეს ის შემთხვევაა, როცა პოეტში მხოლოდ შემოქმედება არ ხიბლავს. მისთვის ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლექსები.
პოეტის თავისებურ და განსხვავებულ სტილზე ისაუბრა თანამედროვე პროზაიკოსთა ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა მაკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ განსხვავებული სტილის გამო მისგან სხვა ემოცია მოდის, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
პოეტი დიდხანს ფიქრობდა წიგნის ვიზუალზე. არჩევანი მხატვარ დავით ბაძაღუას ნამუშევრებიდან ერთ-ერთზე უნდა გაეკეთებინა. როგორც თვითონ ამბობს, მხატვრობის დიდი არაფერი გაეგება, მაგრამ ერთი ნახატი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, სწორედ ის ყოფილიყო კრებულის გარეკანი. მხატვარმა პოეტის გემოვნება მოიწონა. როგორც აღმოჩნდა, დავითის არჩეული ნახატი მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია და ის რასმუსენის კოლექციაშია შესული. როგორც გვითხრეს, ავტორს გაუჭირდა საყვარელი ლექსის გამოყოფა, თუმცა ერთი სტროფი მაინც ამოარჩია და წიგნის ყდაზე დაიტანა.
პოეტი, რომლის ლექსები სხვადასხვა კრებულშია შესული, მათ შორის საუკეთესო ავტორის ამპლუაშიც;
პოეტი, რომელიც ხშირად მონაწილეობს ღონისძიებებში, მკითხველს უკვე თავის შემოქმედებას სთავაზობს და სჯერა, რომ მისი კრებული ერთ-ერთი ის წიგნი იქნება, რომელსაც წაიკითხავენ, –
ეს პოეტი დავით ჯიმშიაშვილია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
ბაჩო მახათაძის ფოტოები
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,