ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 დასრულდა. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.

ხარაგაულელი აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ისინი ახლა შედეგებს ელოდებიან.

სალომე კივირიკაშვილი ლაშის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებულია. მან სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. სალომე ამბობს, რომ ქართულისა და ინგლისური ენის ტესტები, წინა წლებთან შედარებით, მარტივი იყო, ისტორიის ტესტებისგან განსხვავებით. სალომე ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო.

„გამოცდებს ქუთაისის #41 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ვაბარებდი. ძალიან თბილი გარემო იყო შექმნილი. გამოცდაზე თუ ვიყავი, ვერ ვგრძნობდი, – ამბობს სალომე,- კარგი დამკვირვებლები მყავდნენ. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ გამოცდა რომ დაიწყო, ეს ნერვიულობა მთლიანად მომეხსნა. ყურადღება მთლიანად საკითხებზე გადავიტანე.

ისტორიაში შემხვდა ილუსტრაციების მიხედვით დავალებები, რაც სკოლის სახელმძღვანელოებში იშვიათად არის. თუმცა, მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ რთული საკითხები არც ერთ საგანში არ ყოფილა. სწავლის გაგრძელება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე მსურს. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მეცადინეობისას მაქსიმალურად დაიხარჯონ. აბიტურიენტობის ერთი წელი სრულყოფილად გამოიყენონ და შედეგიც არ დააყოვნებს“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებულმა და ოქროსმედალოსანმა ბაქარ ორბელაძემაც დაასრულა. მას სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სურს. ბაქარი აღნიშნავს, რომ მიზანი საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა. მომავალ აბიტურიენტებს კი ურჩევს, რომ არ ინერვიულონ, რადგან ეს ძალიან დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია.

„ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩავაბარე გამოცდები. ქართულისა და ინგლისური ენების ტესტი მარტივი იყო. მათემატიკა ცოტა მერთულა. გამოცდებს თბილისის #207 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ვაბარებდი. პირბადით გამოცდაზე ჯდომა, რა თქმა უნდა, დისკომფორტია. თუმცა, საერთო ჯამში, კარგი გარემო იყო და ყველაფერმა კარგად ჩაიარა“.

„სწავლის გაგრძელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტზე მსურს. დიდი იმედები და მიზნები მაქვს, – ამბობს ვარძიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ოქროსმედალოსანი თათია ხიჯაკაძე, – გამოცდების წინ ძალიან ვღელავდი, თუმცა თემებს რომ გადავხედე და ყველაფერი გავაცნობიერე, ნერვიულობა მომეხსნა. საგამოცდო ცენტრში მშვიდი გარემო იყო. კონდიციონერი ჩაგვირთეს და არც ხმაური გვაწუხებდა. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ყველა საკითხი კარგად შეისწავლონ. იმის იმედით არ „გადაუარონ“ საკითხებს ზერელედ, რომ ის მაინც არ შეხვდებათ”.

აბიტურიენტებს წარმატებასა და მიზნების მიღწევას ვუსურვებთ.

ლიკა ხიჯაკაძე