
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ რკინიგზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელთა საერთო განცხადება მიიღო. მოქალაქეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მიმართავენ. გთავაზობთ ამ განცხადებას, მცირეოდენი შემოკლებით.
ბატონო კობა,
ხარაგაულის მოსახლეობის თქვენთვის კარგად ცნობილი უმძიმესი პირობები, განსაკუთრებით კი, იმ მაღალმთიანი ზონის მაცხოვრებლების, რომლებიც მთლიანად რკინიგზაზე არიან დამოკიდებულნი, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა პანდემიის კრიზისმა და ამასთან ერთად, მატარებლით მგზავრთა გადაადგილების აკრძალვამ. ამან, საბოლოოდ, მოსახლეობის გარე სამყაროსგან მთლიანად იზოლაციაში მოქცევა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ უმუშევრობითა და მიწების მოუსავლიანობით დაცლილი მაღალმთიანი ზონების მოსახლეობა არსებობისთვის იბრძვის. უშემოსავლო, დაუსაქმებელი ადამიანები იძულებულები არიან, თავად გააკეთონ სახელმწიფოსგან გასაკეთებელი; კერძოდ, თავისი ხარჯით გამოიყვანონ წყალი, მოაწყონ კანალიზაცია, ბუნებრივი აირის გარეშე გაიტანონ ზამთარი, ებრძოლონ დანგრეულ გზას, რის გამოც ჩვენს სოფლებში არც ერთი მანქანა დამპალ ვაშლსაც არ ამოიტანს გასაყიდად.
სიშორისა და გზების უვარგისობის გამო ჩვენთვის, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია სააფთიაქო, საბანკო, სამედიცინო, საგანმანათლებლო (გარდა სკოლისა) მომსახურება. ამ დაწესებულებებამდე ტაქსით მგზავრობა 60 ლარი და მეტიც გვიჯდება, გადასაადგილებლად სრულიად უვარგის გზაზე; ავტომობილის მფლობელები წუხან, რომ ამ დანგრეულ გზებზე მანქანებს ნაწილები აღარ შერჩათ. ასეთი სიტუაცია ბევრად ჩამორჩება აფრიკის განუვითარებელი ქვეყნების მდგომარეობას.
ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი უფლებით სარგებლობა „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა“ და „გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცით“ გარანტირებული, უპირველესი ადამიანური უფლებებია, რომელთა განუხრელად დაცვა ევალება ჩვენს მიერ დაქირავებულ მთავრობას. ამისთვის მოქალაქეები გადასახადებს ვიხდით.
თქვენი პასუხი, რომ პანდემიის კრიზისი თქვენგან დამოუკიდებელი და დაუძლეველი პრობლემაა, ბათილდება შემდეგი გარემოებებით:
მოვითხოვთ საგარეუბნო მატარებლის დილისა და საღამოს მარშრუტებზე ერთი ვაგონის დამატებას, მუშების გარდა მოსახლეობისთვის; აღადგინონ ქუთაისი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და უზრუნველყონ ყველანაირი უსაფრთხოება, დისტანცია, თერმო სკრინინგი და ა.შ., რაც საჭიროა ჯანდაცვის სფეროს გაიდლაინების მიხედვით.
ბატონო კობა, მოგმართავთ თხოვნით/მოთხოვნით, რომ ეს საკითხი დასვათ შესაბამის უწყებებთან, მათ შორის არა მარტო „საქართველოს რკინიგზისა“ და ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ მთავრობასაც; ვინაიდან მატარებელი კი, მაგრამ ადამიანის უფლებები არ გახლავთ მარტო რეგიონალური პრობლება, არამედ სახელმწიფოებრივი და უფრო მეტიც – საერთაშორისო დაცვის თემაა.
ნუ გააკეთებთ ეკონომიას ჩვენი ადამიანური უფლებებისა და ღირსების ხელყოფის ხარჯზე.
ამ განცხადებას, მოსახლეობის სახელით, ხელს აწერენ მარიამ ფცქიალაძე სოფელ ჭარტალიდან და
რუსუდან ჩაჩანიძე სოფელ ჩრდილიდან.
გაზეთის მომზადების პროცესში მოქალაქეების ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს, დავუკავშირდით. რა გვიპასუხა მერმა, მოუსმინეთ აუდიო ჩანაწერს:
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება