„მგონია, რომ აბიტურიენტობა ჩემი ცხოვრების საინტერესო პერიოდი იყო, რადგან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრიც გავიხსენე“, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანი მეიფარიანი, რომელიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ანიმ სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიკოსის პროგრამაზე, სურს. ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ადამიანებთან ურთიერთობა კარგად გამოსდის. სკოლის პერიოდში კი საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა. თვლის, რომ ეს უნარები არჩეულ პროფესიაში დაეხმარება.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიკოსის პროგრამას გავეცანი და მგონია, დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მივიღებ. ამ უნივერსიტეტს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი კურსდამთავრებულები ცნობილი და წარმატებული ექიმები არიან“, – ამბობს ანი.

იმის გამო, რომ სასკოლო ეროვნული სასწავლო გეგმა თანხვედრაში არ არის ეროვნული გამოცდის პროგრამასთან, აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან მეცადინეობა სჭირდებათ. გადაწყვეტილების მიღება რომ შეეძლოს, ანი ამბობს, რომ სკოლის პროგრამას ეროვნული გამოცდების მოთხოვნებთან დააახლოებდა.

გამოცდებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრში აბარებს. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარა. თავისი საგამოცდო ნაშრომით კმაყოფილია და კარგ შედეგებს ელის. ის ამბობს, რომ აბიტურიენტებისთვის მშვიდი გარემოა შექმნილი.

„აბიტურიენტობის ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინრეჟიმში მეცადინეობა იყო. თუმცა ესეც მალე დავძლიეთ, – ამბობს ანი, –  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე საკმაოდ მარტივი საკითხები შემხვდა. პირველი დავალება კარგად რომ დავწერე, შემდეგ აღტაცებულმა გავაგრძელე წერა. გამოცდებს ქუთაისის #17 საჯარო სკოლაში ვაბარებ. ქართულის გამოცდაზე კარგი დამკვირვებლები მყავდა. მუშაობის დაწყებამდე გვამხნევებდნენ. კონდიციონერიც ჩართული იყო. პირბადეც არ გამხდარა რაღაც დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი, რადგან მანამდე მის ტარებას მიჩვეული ვიყავი. შემდეგი გამოცდები ინგლისურ ენაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის“.

ახლა აბიტურიენტები გამოცდების ციებ-ცხელებებაში არიან, რასაც თან ახლავს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ნერვიულობა. ანი მეიფარიანი თვლის, რომ ნერვიულობა ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. თავად სიმშვიდის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს და თანატოლებსაც ამავეს ურჩევს.

„ჩემს თანატოლებს, ვინც ახლა გამოცდებს აბარებს, ვეტყვი, რომ მშვიდად შევიდნენ საგამოცდო ოთახში. წლების განმავლობაში რაც უსწავლიათ, იქ ყველაფერი გაახსენდებათ. უბრალოდ, უნდა დამშვიდდნენ. წინა დღით დაისვენონ, კარგი განწყობით მივიდნენ გამოცდაზე და შედეგიც არ დააყოვნებს“.

ლიკა ხიჯაკაძე