კორონავირუსზე აცრის მსურველებს ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე, შეუძლიათ მივიდეს ხარაგაულის კლინიკაში. ვაქცინაციის პროცესში ერთი ბრიგადაა ჩართული, რომელშიც შედის ოჯახის ექიმი, ექთანი, რეგისტრატორი და რეანიმატოლოგი.

იმუნიზაციის პროცესს ზედამხედველობას ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი უწევს. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე დღეში 50 ადამიანის აცრაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმართვიანობა მოიმატებს, ეს რიცხვი, შესაძლოა, 70-მდე გაიზარდოს. ამასთანავე, იმუნიზაციის დღეებს დაემატება შაბათიც.

მოსახლეობის ნაწილს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ხარაგაულის საავადმყოფოში მოქმედებს კაბინეტი, სადაც ვაქცინაციის მსურველს ადგილზე დაარეგისტრირებენ.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდი ნაწილი 70 წელს ზემოთ ასაკისაა. ბევრს თანმხლები დაავადებები აქვს. საქართველოში დღესაც მაღალია კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ვაქცინაციას შეუძლია ადამიანის სიცოცხლე დაიცვას ამ ინფექციით გამოწვეული ლეტალობისგან.

ხარაგაულის კლინიკაში სინოფარმზე ვაქცინაცია, ორი თვეა, მიმდინარეობს. დაახლოებით 300-მდე ადამიანი ავცერით და არც ერთი გართულების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოსახლეობამდე ინფორმაცია უნდა მივიდეს, რომ ჩვენთან სინოფარმზე ვაქცინაცია შესაძლებელია. პანდემია ვაქცინაციით უნდა დავამარცხოთ“, – ამბობს მაკა ქასრაშვილი.