„პრაიდის კვირეული დაიწყო. რა შემიძლია გავაკეთო მე, ერთმა ადამიანმა იმისათვის, რომ მათ ასე არ სტკიოდეთ?! – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მაია ცირამუა, – როგორ შეაჩერებ ამოდენა ზიზღს, აგრესიას, ვერატანას, შერცხვენას, გარიყვას?!

ამ ჯგუფის წარმომადგენლებთან მუშაობისას ბევრჯერ გამჩენია სირცხვილის განცდა ყველა იმ სისასტიკის გამო, რაც მათ მიმართ სხვებს ჩაუდენიათ. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ. უფრო ადამიანურები უნდა გავხდეთ.

ყველაზე სასტიკი მითი, რომელზეც ლგბტქი ადამიანებზე ავრცელებენ, არის ის, რომ მათ ასეთად ყოფნა აირჩიეს.

იდენტობა ცხოვრების წესი არ არის. ეს შენ ხარ. ასეთი ხარ და ამის შეცვლას თუ შეეცდები – შენ უბრალოდ აღარ იქნები. მახსოვს, ერთმა ზრდასრულმა ადამიანმა პირველად ჩემთან გააკეთა ქამინგაუთი და მითხრა, რომ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დაატარებს, როგორც გვამს და რომ არასოდეს ჰქონია განცდა, რომ სუნთქავს და ცოცხალია.

მეორე სასტიკი მითი – ისაა, რომ ეს ავადმყოფობაა. მეცნიერება დიდი ხანია უკვე იმაზე შეთანხმდა, რომ ეს არაა დაავადება! და თუ ამ ადამიანებს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, რაიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ესეც გარემოსთან ურთიერთობას, ბავშვობიდან განცდილ გაუცხოებას და ჩაგვრას უკავშირდება – სოციალური შფოთვა, დეპრესია, დისფორია … ყველაზე გავრცელებული პრობლემებია ამ ჯგუფში. (მოგეხსენებათ სტატისტიკურად ყოველ მეოთხე ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები).

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მათ მიმართ პოლიტიკური ბრძოლაა. ისე მოხდა, რომ დემოკრატიის, ევროინტეგრაციის წყალგამყოფად ჩვენს ქვეყანაში ეს ჯგუფი იქცა. ეს ტვირთიც მათი სატარებელი აღმოჩნდა.

სისულელეა – ქართველობას გვართმევენ!

ტრადიციებს გვართმევენ! – ეს არის ის მითები, რაც მოძალადეებმა ძალადობის გასამართლებლად გამოიგონეს. ადამიანი ნარცისული არსებაა და ის ვერ იტანს, როცა ცუდად იქცევა, გულისგულში ყველას უნდა კარგი ადამიანი იყოს და ეს მითებიც ამიტომ ჩნდება. ამით ადამიანი საკუთარ თავს ეუბნება – მე კი არა ვარ ცუდი, რომ მათ ვებრძვი, ისინი არიან ცუდები (ქართველობას მართმევენ, ტრადიციებს მართმევენ … ) და ამიტომ ვებრძვი!

ამას გარდა, ყველას არ შეუძლია გაუძლოს რაღაც ილუზორულ განცდას, რომ სხვაზე უპირატესია, უკეთესია, ძლიერია და ა. შ. ესაა ალბათ ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე და ყველაზე დიდი ბარიერი თანასწორობისთვის. სინამდვილეში სუსტი ადამიანები ჩაგრავენ.

ჩვენ უნდა შევიცვალოთ!

არადა, რა კარგია ცხოვრება, როცა შენს გარშემო სამყარო გიყვარს!“