
საქართველოს მთავრობამ 2005 წელს გადაწყვიტა, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები ბავშვთა სახლებსა და პანსიონებში აღარ უნდა ცხოვრობდნენ. ამ მიზნით ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის, ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სამთავრობო გეგმები შემუშავდა.
2006 წლიდან ორმოცამდე ბავშვთა სახლი ეტაპობრივად დაიხურა. ამ სახლებში მყოფი ბავშვების ნაწილმა ცხოვრება მცირე ტიპის საოჯახო სახლებში გააგრძელა, ნაწილმა – ოჯახებში, მინდობით აღზრდის პროგრამით.
რეფორმის მიუხედავად, მთელი რიგი ინსტიტუციები ისევ ფუნქციონირებს და მათი საქმიანობა რეგულაციებს არ ექვემდებარება.
ერთ-ერთი პანსიონი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორში მოქმედებს. ეს პანსიონი კიცხის სკოლა-ინტერნატის სახელით იყო ცნობილი.
2005 წელს, როცა სკოლები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდა, კიცხის სკოლა-ინტერნატი ბორის საჯარო სკოლად დაფუძნდა. მაშინ განათლების მინისტრის ბრძანების „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ მესამე დანართით სკოლას პანსიონური მომსახურების უფლება მიეცა.
2005 წლიდან პანსიონს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს. 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბორის პანსიონისთვის გამოყოფილი 80 ათასი ლარიდან 73 ათასი ლარი 22 თანამშრომლის ხელფასზე გაიხარჯება, ხოლო დანარჩენი – კომუნალურ და სხვა ხარჯებში.
პანსიონს საკვებით ა/ო „ქუთაისის მოზარდთა სახლი“ ამარაგებს. ეს ორგანიზაცია უხდის სწავლის საფასურს ბორის სკოლის ყველა კურსდამთავრებულს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, ამარაგებს სკოლის ყველა მოსწავლეს სეზონური ტანსაცმლითა და ფეხსაცმელით, საკანცელარიო ნივთებით, ჰიგიენური და სამეურნეო საშუალებებით.
აქ ისწავლება ცეკვა, სიმღერა, სტილისტის პროფესია, კერვა, ხატვა, კარატე, ეს ყველაფერი ბავშვებისთვის უფასოა და ამ წრეების მასწავლებლებს ხელფასებს „ქუთაისის მოზარდთა სახლი“ უხდის.
წელიწადში ერთხელ ბორის სკოლის ყველა მოსწავლეს სამედიცინო გამოკვლევას ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები უტარებენ. ამ სამედიცინო მომსახურების საფასურსაც ა/ო „ქუთაისის მოზარდთა სახლი“ ფარავს.
ბორის პანსიონში ამჟამად 17 მოსწავლე ირიცხება. მათგან ექვსი ხარაგაულის სხვადასხვა სოფლიდანაა, დანარჩენები – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.
ბორის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია გაგოშიძე ამბობს, რომ პანსიონში მცხოვრები ბავშვების ოჯახები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მისი თქმით, ის თავადაა ყველა ოჯახში ნამყოფი.
პანსიონში ბავშვების ჩარიცხვის წესი ბორის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ შეიმუშავა – საჭიროა სოფლის რწმუნებულის დასკვნა ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
ახლა საზაფხულო არდადეგებია და 17-ვე მოსწავლე საკუთარ ოჯახში წავიდა. მაია გაგოშიძე ამბობს, – არდადეგებზე სკოლის მოსწავლეები რომ სახლებში მიდიან, პანსიონში მცხოვრებთაც უჩნდებათ საკუთარ ოჯახებში დაბრუნების სურვილი, მიუხედავად მათი საცხოვრებელი პირობებისა.
პანსიონის ბენეფიციართა ოჯახები უნდა გაძლიერდეს
ბორის პანსიონის ბინადართა საყოფაცხოვრებო, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობით გარეშე პირთაგან არავინ ინტერესდება. აქ ორ წელზე მეტია, არც ბავშვთა უფლებების დამცველები მისულან, არც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არც სოცმუშაკები.
არც ერთ უწყებას არ გაუკონტროლებია, როგორ პირობებში მზადდება საკვები, რომლითაც იკვებებიან როგორც სკოლის პანსიონში მცხოვრები ბავშვები, ასევე ბორის სკოლის სხვა მოსწავლეებიც.
„ჩვენ ვიქეცით ამ ბავშვების ფსიქოლოგებადაც, – ამბობს მაია გაგოშიძე, – მივესალმები, თუ რომელიმე სამთავრობო და არასამთავრობო უწყება პანსიონის მდგომარეობით დაინტერესდება. იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ, მითხრან რა და როგორ უნდა გავაუმჯობესო.
რესურსცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც პერიოდულად სკოლაში არსებულ მდგომარეობას ამოწმებენ, პანსიონსაც ნახულობენ და ბავშვებს გაესაუბრებიან ხოლმე“.
მაია გაგოშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბორის პანსიონზე უკეთეს პირობებს იქ მცხოვრებ ბავშვებს ვერავინ შესთავაზებს და მათი მომავლისთვის საუკეთესო გამოსავლად ისევ პანსიონში ყოფნა მიაჩნია. ის ოჯახების გაძლიერებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ „ზოგი ოჯახი, მილიონიც რომ მისცე, ვერ განსაზღვრავს, ფული როგორ განკარგოს“.
მშობლის სითბოს ვერაფერი შეცვლის
ანა სარალიძემ ბორის სკოლა წელს დაამთავრა. ის პანსიონში თავის ორ დასთან ერთად ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მანამდე ანა და მისი დედმამიშვილები ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდნენ.
ანა ამბობს, რომ ბორის პანსიონში თავი ადამიანად იგრძნო და გაუმართლა, კარგ პედაგოგებთან და აღმზრდელებთან რომ მოხვდა. ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ანას უმძიმესი მოგონებები აქვს.
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. თან აღმზრდელებისგან მკაცრად გაფრთხილებულები იყვნენ, რომ მეუფე სპირიდონთან პრობლემების შესახებ არაფერი ეთქვათ. ნინოწმინდის პანსიონში ანას ხშირად უმცროსი ძმა ნაცემი უნახავს.
„ბორის პანსიონში აღმზრდელები და ძიძები მეგობრულები არიან. ბორის სკოლაში კარგი განათლება მივიღე და პროფესიად დაწყებითი კლასების მასწავლებლობა ავირჩიე, – ამბობს ანა, –
ახლა, არდადეგებზე, მე და ჩემი დები მამასთან ერთად ვცხოვრობთ ჩვენს სახლში. იმის მიუხედავად, რომ დედამ მცირეწლოვნები მიგვატოვა და ამის მიზეზი დღემდე არ ვიცით, მშობლის სითბოს ვერაფერი შეცვლის. ჩემს ძმას ბორის პანსიონში ყოფნა გაუჭირდა. ამიტომ მინდობით აღზრდაშია და იქ თავს უკეთ გრძნობს“.
მაია პაპავას ორი შვილი ბორის პანსიონში ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს გაუჭირდა და ბავშვების პანსიონში გაგზავნა შიმშილისგან მათი გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნია. ის ამბობს, რომ ურჩევნია, შვილები თავისთან ჰყავდეს, მაგრამ მათი გამოკვების პრობლემა აქვს.
„სახელმწიფოსგან დახმარება არასაკმარისია, – ამბობს მაია პაპავა, – რომელ დედას უხარია შვილებისგან შორს ყოფნა, მაგრამ რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ მაქვს“.
სიღარიბის გამო ბავშვის ოჯახიდან გაყვანა კანონდარღვევაა
„პირველ რიგში, ბავშვი ოჯახიდან არ უნდა გავიდეს, – ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი, – თუ ოჯახს ეკონომიურად უჭირს, მაშინ ის ოჯახი უნდა გავაძლიეროთ; თუ ქირა სჭირდება, ქირა მივცეთ; თუ საკვები სჭირდება – საკვები და ა.შ. თუ ოჯახი ვეღარ ძლიერდება, ან შეუქცევადია ძალადობა, ან ბავშვს ოჯახის წევრები გარდაეცვალა, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ ალტერნატიული ზრუნვა.
ალტერნატიული ზრუნვა მინდობით აღზრდას გულისხმობს. ბავშვი უნდა მოხვდეს ოჯახში, რომელიც შემოწმებული და მომზადებულია ბავშვის მისაღებად ან მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში, სადაც მხოლოდ 5-6 ბავშვია. ყველგან ოჯახური გარემო უნდა ფიგურირებდეს. ეს არის მთავარი.
სიღარიბის გამო ბავშვის გადაყვანა ბავშვთა სახლში არის კანონის დარღვევა. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 26-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია სიღარიბის გამო ოჯახისთვის ბავშვის ჩამორთმევა, გაყვანა და გაცილება“.
გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების 2005 წელს დაწყებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი შეფერხებულია.
„სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საკუთარ ოჯახებში, ან ოჯახური ტიპის მზრუნველობის დაწესებულებებში განთავსებაზე, – ამბობს მაია ქურციკიძე, – გაეროს ბავშვთა ფონდის ცალსახა პოზიციაა, რომ ბავშვები საკუთარ ოჯახებში უნდა იმყოფებოდნენ, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სიღარიბე და შეზღუდული შესაძლებლობები არ უნდა გახდეს ბავშვის ოჯახიდან გაყვანის მიზეზი.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ სახელმწიფოს პანსიონებში (მათ შორის ბორის პანსიონში) მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის შეფასებაში. შეფასების გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ, თითოეული ბავშვის მიღმა რა საჭიროებაა და რა არის მისთვის უკეთესი. უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ რა უბიძგებს ოჯახს, ბავშვი პანსიონში მიაბაროს.
მუნიციპალიტეტებმა ოჯახის მხარდამჭერი, გამაძლიერებელი პროგრამები უნდა შეიმუშაონ. ბავშვის უფლებათა კოდექსით, სასამართლოს გარდა არავის აქვს უფლება, ბავშვი ოჯახისგან გააცალკევოს.
ივლისში იუნისეფი გამართავს შეხვედრას, სადაც განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული გეგმა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პანსიონური მომსახურება დასრულდეს. მთავრობამ უნდა გვითხრას, რა იქნება მათი მხრიდან შემდგომი ნაბიჯები“.
იცავს თუ არა თვითმმართველობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს
ხარაგაულის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში, რომელიც 2021 წლის აპრილში შეიქმნა, ბორის პანსიონში მცხოვრები ბავშვების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამ განყოფილების ვალდებულებაა, დაადგინოს პანსიონში მცხოვრებთა ოჯახების საჭიროებები და დამხმარე პროგრამები შეიმუშაოს.
„არასდროს ვსვამთ შეკითხვებს, შეესაბამება თუ არა სტანდარტებს ბორის პანსიონში არსებული ვითარება, რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, – ოჯახის გარეთ ათზე მეტი მოზარდის ერთად ცხოვრება დაუშვებელია. ბორის პანსიონის აღმზრდელებსა და ძიძებს მინიმალური ხელფასები აქვთ და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
არ ვიცით პანსიონში მცხოვრები ბავშვების ოჯახების საჭიროებები, რა ტიპის მხარდაჭერა უნდათ თავად ბავშვებს, რა არის მათი საუკეთესო ინტერესი.
პანსიონში მცხოვრები მოზარდებიდან 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციისგან სწავლის საფასურის დაფინანსების შესაძლებლობით ისარგებლა. ბორის პანსიონში მცხოვრები 17 ბავშვიდან მხოლოდ ექვსია ხარაგაულელი.
თუ სხვა სოციალური მომსახურების მისაღებად კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რეგისტრაციაა აუცილებელი, რატომ არ არის ბორის პანსიონში ჩარიცხვისთვის ეს სავალდებულო?! ამ საკითხებზე როდესაც საუბარს ვიწყებ, ჩემი კოლეგა დეპუტატები არაჯანსაღ მიდგომებს ამჟღავნებენ.
განათლების სამინისტრო პანსიონის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი არ არის. 2015 წელს, როცა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, განათლების სამინისტროსთან ბორის პანსიონის საკითხზე ვმსჯელობდით.
უნდა გაუქმებულიყო მინისტრის ბრძანების ის დანართი, რომელიც სკოლასა და თვითმმართველობას პანსიონის დაფუძნების უფლებას აძლევდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მაშინ პოლიტიკურად წამგებიან თემად მიიჩნიეს და მინისტრთან ხელმოსაწერად შეტანილი ბრძანების პროექტი უკან დააბრუნეს“.
ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე ამბობს, რომ ერთია – რა გვინდა და მეორე, რა შესაძლებლობები გვაქვს. მისი თქმით, ხარაგაულში მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებების შექმნას დიდი ფინანსები სჭირდება.
„ამ ეტაპზე მე პანსიონის გაუქმებას არ მივესალმები და სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, – ამბობს დავით კიკნაძე, – ერთი რამ ვიცი, რომ ბორის პანსიონში კარგი პირობებია და იქ ბავშვებთან კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ.
პირადად მე, როცა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ვმუშაობდი, ამ პანსიონში არც ერთი უკმაყოფილო ბავშვი არ მინახავს. ხშირად მივდიდოდი და ვესაუბრებოდი. ცუდია, რომ ბავშვი ოჯახს მოწყვეტილია, მაგრამ აქვთ გარემო, რომლითაც კმაყოფილები არიან“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მზადაა, გაიზიაროს სახელმწიფოს პოლიტიკა, რომ ქვეყანაში პანსიონატები აღარ უნდა ფუნქციონირებდეს.
მისი მოსაზრებით, ბორის პანსიონი მორგებულია ბავშვების საჭიროებებზე, ინტერესებზე და მათი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი.
„ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თუ როგორ მოვიქცეთ სამომავლოდ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მზად ვარ, დავიცვა იმ პირების ინტერესები, ვინც პანსიონურ მომსახურებას იღებს და ამით კმაყოფილია. თუ რაიმე სამართლებრივი ან სხვა ფორმის პრობლემები შეიქმნება, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების შეხედულებებთან და ზოგად ტენდენციასთან, არ ვართ წინააღმდეგი, ამ თემაზეც ვიმსჯელოთ და ბავშვებს მათთვის საჭირო გარემო შევუქმნათ“.
ნინო კაპანაძე
ლიკა ხიჯაკაძის ფოტოები
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება