ესტონეთში პოლიცია მძღოლებს, სიჩქარის გადაჭარბებისას, არჩევანის შესაძლებლობას აძლევს, – გადაიხადონ ჯარიმა ან დასხდნენ გზის პირას 45-დან 60 წუთამდე. გზის პირას ჯდომის დრო იმაზეა დამოკიდებული, დამნაშავე მძღოლი რამდენად სწრაფად მოძრაობდა.

საქართველოში, 2020 წელს, COVID-19-ით 2 528 ადამიანი დაიღუპა. ამავე წლის განმავლობაში, კომენდანტის საათისა თუ სხვა მობილობასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 6 640 ადამიანი დაშავდა და 450 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაახლოებით 6500 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზების სიაში აყენებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევროპის მასშტაბით, საგზაო შემთხვევებით სიკვდილიანობის დონე ყველაზე დაბალი ნორვეგიაშია.

ნორვეგიაში 60 კმ/სთ  დასაშვები სიჩქარის ზონაში, 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისთვის ჯარიმა თითქმის 600 ევროა.

ასევე ნორვეგიაში – თუ სისხლში ალკოჰოლის პროცენტული რაოდენობა 1,2-ზე მაღალია, თქვენ დაჯარიმდებით თქვენი ერთი თვის დარიცხული ხელფასის 1.5 ოდენობის თანხით, ჩამოგერთმევათ 1-2 წლით მართვის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი და დაისჯებით თავისუფლების აღკვეთით.

კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ალექსანდერ კაფკა საგზაო უსაფრთოების საკითხებზე გურო რენესს, ნორვეგიის საზოგადოებრივი გზების ადმინისტრაციის საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების („Vegvesen“) დირექტორს და იან იოჰანსენს, ნორვეგიის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს („Trygg Trafikk“) გენერალურ დირექტორს ესაუბრება.

. კაფკა: – რამდენადაც ვიცი, Trygg Trafikk არ არის სამთავრობო ორგანო, ხოლო Vegvesen არის სამთავრობო. რა არის თქვენი როლი, ნორვეგიის გზების მსოფლიოში ერთერთ უსაფრთხო გზებად შენარჩუნებისთვის

გურო რენესი: – ევროპის უმეტეს ქვეყნებში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO), რომლის ძირითადი მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარება და მთავრობისთვის იმის შეხსენება, რომ უფრო მეტი იმუშაონ ამ მიმართულებით. ნორვეგიაში ასეთი ორგანიზაციაა Trygg Trafikk (ნორვეგიული საგზაო უსაფრთხოების საბჭო).

ნორვეგიის გზების ადმინისტრაცია (NPRA) წამყვანი სააგენტოა ნორვეგიაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა სამთავრობო და კერძო სექტორებთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. Trygg Trafikk მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა და NPRA ძალიან აფასებს, რომ ერთად ვმუშაობთ პრობლემურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენი წარმატების საწინდარია.

აკ:რა საერთო აქვთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებში და როგორ ინაწილებთ თქვენს ფუნქციებს?

იან იოჰანსენი: – ნორვეგიის საგზაო უსაფრთხოების საბჭო არის არასამთავრობო და დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამის მიუხედავად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე, მაგალითად, საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ და რეგიონალურ სამოქმედო გეგმებში მონაწილეობის გზით.

გურო რენესი– NPRA და Trygg Trafikk კარგად მუშაობდნენ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ მჭიდრო და კარგად ფუნქციონირებადი ურთიერთობა და კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი როლები და პასუხისმგებლობები.

აკ: – Trygg Trafikk დაარსდა 1956 წელს. ასე რომ, თქვენი ისტორია საკმაოდ გრძელია. Vegvesen-ის ისტორია კიდევ უფრო ხანგრძლივია, რადგან მისი დაარსების წელია – 1864. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები ან დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც მოუწიათ თქვენს ორგანიზაციებს? იყო ეს იურიდიული, ტექნიკური, თუ ფსიქოლოგიური გამოწვევები?

გრ– Vegvesen-ს აქვს დიდი ისტორია და განიცადა ძირეული ცვლილებები, როგორც საზოგადოებრივ, ასევე ინდივიდუალურ – თავისი როლისა და პასუხისმგებლობების დონეზე. საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენი საქმისადმი ჰოლისტიკური და სისტემური მიდგომის შენარჩუნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაფუძნებული სამუშაოები, რომლებიც ორიენტირდება საგზაო მომხმარებლებზე, მანქანებსა და ინფრასტრუქტურაზე.

აკ: ფსიქოლოგიაზე საუბრისას, არ შემიძლია არ ვახსენო ხალხის მენტალიტეტი. სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მიღებულია ავტომობილით სარისკო გადაადგილების ფეთქებადისამხრეთული ხასიათითგამართლება. ეს ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ხელისუფლების უმოქმედობის მარტივ გამართლებას, რომლებიც ვერ შეცვლიან ეროვნულ ხასიათს. ეთანხმებით თუ არახასიათსადა დისციპლინირებულ მართვას შორის კავშირის არსებობას?

იი: – მე ვერ ვავლებ დამაკავშირებელ ხაზს ამ საკითხებს შორის, მაგრამ ვხედავ აშკარა კავშირს ხალხის მართვის სტილსა და უბედური შემთხვევების რისკებს შორის.

ნორვეგიაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულთა და მძიმედ დაშავებულთა რაოდენობის შემცირება აიხსნება დროთა განმავლობაში მოძრაობის გაუმჯობესებული კულტურით; მაგალითად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იცავს სიჩქარის შეზღუდვას, და უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მართავს მანქანას ნასვამ მდგომარეობაში.

გრ: – ნორვეგიაში რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ ყურადღებას ვაქცევდით საგზაო მომხმარებლებისა და მძღოლების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლას. ამის გაკეთება შეიძლება ბავშვებისთვის სკოლაში საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხო ქცევის სწავლებით, რისკზე დაფუძნებული საგზაო განათლებით მართვის მოწმობის მიღებამდე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიებით და პოლიციის მიერ კონტროლითა და სანქციების დაწესებით.

ჩვენი მიზანია ყველას ჰქონდეს ცოდნა, რომ მიიღოს სწორი და უსაფრთხო გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია „სამხრეთული ხასიათისთვისაც“.

აკ: – გაქვთ რაიმე უნიკალური „ნოუ-ჰაუ“, რომლის გამოყენებაც შეიძლება სხვაგან, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში?

იი: – ვფიქრობ, რომ საგზაო უსაფრთხოებაში წარმატების მიღწევა, უფრო მიზანმიმართული და გრძელვადიანი სამუშაოა, ვიდრე „ერთი უნიკალური ნოუ-ჰაუს ქონა“. ნორვეგიაში Vision Zero [Vision Zero არის მრავალეროვანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, რომლის მიზანია ავტომაგისტრალის სისტემის გაუმჯობესება ნულოვანი მსხვერპლით და საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

მთავრობა, ყველა დონეზე და სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორი ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ჩვენ მას „ნორვეგიის თანამშრომლობის მოდელს“ ვუწოდებთ.

აკთქვენი გადმოსახედიდან, არის კიდევ რაიმე თქვენს სფეროში, რასაც სჭირდება გაუმჯობესება? როგორია თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმები?

გრ: – ნორვეგიაში საგზაო უსაფრთხოების სამუშაოები ემყარება Vision Zero-ს, იმ ამბიციით, რომ არავინ უნდა დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს საგზაო მოძრაობის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ ნორვეგიაში კარგად ვმოქმედებთ უკვე წლებია და ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, შეიძლება რთული იყოს საგზაო უსაფრთხოების საკითხის პრიორიტეტად შენარჩუნება.

აკ: – რამდენად მკაცრია ჯარიმები ნორვეგიაში, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისა ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს მანქანით გადაადგილებაზე?   რა არის ოპტიმალური ბალანსი ადმინისტრაციულ გზებსა (სასჯელები, ჯარიმები და ..) და საგანმანათლებლო მეთოდებს შორის?

იი: – ჯარიმები ნორვეგიაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ძალიან მაღალია. მაგალითად, თუ პოლიცია გამოგიჭერთ 60 კმ/სთ  დასაშვები სიჩქარის ზონაში, 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს, ჯარიმა თითქმის 600 ევროა. თუ სისხლში ალკოჰოლის პროცენტული რაოდენობა 1,2-ზე მაღალია, თქვენ დაჯარიმდებით თქვენი ყოველთვიური დარიცხული ხელფასის 1,5 ოდენობის თანხით, ჩამოგერთმევათ 1-2 წლით მართვის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი და დაისჯებით თავისუფლების აღკვეთით. ამის შესახებ ხალხი ინფორმირებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს სადამსჯელო და საგანმანათლებლო მეთოდების კომბინაცია.

აკ: – უწევს თუ არა ნორვეგიაში მასობრივი კულტურა ან მედია პროპაგანდას მართვის უსაფრთხოების საკითხებს? თუ ისინი უფრო დესტრუქციულ როლს ასრულებენ – მაგალითად ჰოლივუდის – „სწრაფი მანქანებისა“ და „მაგარი ბიჭების“ კულტზე ხაზგასმით?

გრ: – რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ზოგადად ვხედავ, რომ ნორვეგიის მედია დადებითად წერს და ხელს უწყობს საგზაო უსაფრთხოების საკითხის გავრცელებას. თუ არსებობს ახალი სტატისტიკური შედეგები ან ახალი კვლევა, ისინი, როგორც წესი, ამაზე წერენ დადებითი კუთხით.

აკ: – 2018 წლის იანვარში, საქართველომ დაიწყო პერიოდული ტექნიკური ინსპექციის (PTI) ეროვნული რეფორმა, რომლის მიზანია ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ემისიებისა და ავარიების შემცირება.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის იანვრიდან შემოწმება სავალდებულო გახდა ყველა ტიპის ავტომობილებისთვის, PTI რეფორმის შედეგები სადავოა.

შემოწმება ტარდება მხოლოდ ლაბორატორიულად (გზაზე დაუშვებელია ტესტირება), ამიტომ მძღოლები იყენებენ ყველანაირ ხრიკს შემოწმების ჩასაბარებლად – ავტომობილების ისეთი ნაწილებისა და აღჭურვილობის სესხებასაც კი, როგორებიცაა საბურავები, შუქები, ცეცხლმაქრი, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები… როგორ ხორციელდება PTI ნორვეგიაში და როგორ ხდება ამგვარი დანაშაულების აღმოფხვრა?

გრ: – ნორვეგიაში PTI რეგულირდება ევროკავშირის საერთო სტანდარტებით. მანქანების სარემონტო დაწესებულებებს, რომლებიც ინსპექტირებას ახორციელებენ, უნდა ჰქონდეთ ლიცენზია და NPRA რეგულარულად ამოწმებს მათ საქმიანობას. კერძო მანქანებმა უნდა გაიარონ PTI ყოველ მეორე წელს. ნორვეგიაში ავტომობილების სტანდარტები საკმაოდ მაღალია.

აკ: – COVID პანდემია ყველას აწუხებს. 2020 წლის დასაწყისში, მიღებული ეფექტური ზომების წყალობით, საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო.

2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში COVID 19-ით მხოლოდ 15 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ამავე პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტი იყო და 203-ს შეადგენდა!

ამის მიუხედავად, პანდემიასთან შედარებით საგზაო უსაფრთხოებას არ ექცევა საზოგადოების სათანადო ყურადღება და არ ეთმობა საკმარისი ფინანსები. რა ზომებს მიიღებდით, იმისათვის, რომ საზოგადოება ორიენტირდეს ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე?

გრ: – ჩვენ გვქონდა კარგი გამოცდილება ნორვეგიაში Vision Zero-ს დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვის მთავარი საყრდენი არის ეთიკური ასპექტი. ბევრს ვსაუბრობთ, რომ დაუშვებელია ამდენი ადამიანი დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს საგზაო მოძრაობის დროს. არავის სურს ოჯახის წევრის, მეგობრის, მეზობლის ან თანამშრომლის დაკარგვა ავტოსაგზაო შემთხვევებში.

ყველას შეუძლია გააკეთოს ისეთი მარტივი რაღაცები, როგორებიცაა ღვედის გამოყენება, სიჩქარის შეზღუდვის დაცვა და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე უარის თქმა. მნიშვნელოვანია ხალხმა გაააცნობიეროს, რომ მათმა უპასუხისმგებლო გადაადგილებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამის გაკეთება კი არავის სურს.

აკ: – ჩემი შემდეგი კითხვა ეხება საერთაშორისო თანამშრომლობას. ჩვენ მოვისმინეთ სკანდინავიის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს (Nordisk Trafiksäkerhetsråd) – სკანდინავიის საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციის შესახებ, მაგრამ, იქნებ კიდევ უფრო მეტი რამ გვითხრათ იმ უპირატესობებზე, რომლებსაც ის სთავაზობს სკანდინავიის ქვეყნებს?

გრ: – ძალიან სასარგებლოდ მიგვაჩნია ჩვენი გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარება ჩვენს სკანდინავიელ კოლეგებთან. ჩვენი გზები, საგზაო მოძრაობის წესები და კულტურა საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ საერთო გამოწვევების შესწავლა, განხილვა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საკმაოდ სასარგებლოა ორივე მხარისათვის.

აკ: – ძალიან დიდი მადლობა.

წყარო