ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომელთაც პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობის მძიმე სოციაურ- ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდგა.

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით  245 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია კარანტინის, იზოლაციისა  და პირბადის ტარეების წესის დარღვევის გამო დაწესებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის  გადაუხდელ ჯარიმებზე. პანდემიის პერიოდში  ჩვენი ბევრი მოქალაქე ფინანსურად დაზარალდა და აღნიშნული სახდელი მათთვის არის ტვირთი. პანდემიის დროს აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, მაგრამ  ამავე დროს მნიშვნელოვანია სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.