
ხარაგაულში ბავშვებისთვის გასართობ ინფრასტრუქტურაზე ხელმიუწვდომლობა, საცურაო აუზის, სასურველი სკოლისგარეშე წრეების არარსებობა, – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ხარაგაულში მცხოვრებ ახალგაზრდა დედებს აწუხებთ.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ახალგაზრდა დედებისთვის ხარაგაულში სამშობიარო განყოფილების არქონაა.
„ხარაგაულში კარგი გინეკოლოგი გვყავს. მე პირადად დამჭირდა და კმაყოფილი დავრჩი, – ამბობს ორი შვილის დედა ნათია მესხი, – ხარაგაულელი დედები კონსულტაციაზე აქ თუ დადიან, შემდეგ მშობიარობისთვის იძულებულები ხდებიან ზესტაფონში, ან სხვა ქალაქში წავიდნენ. ეს პრობლემა ნამდვილად მოსაგვარებელია“.
გარდა ამისა, ხარაგაულში ყველა სამედიცინო მომსახურების მიღება, შესაბამისი სპეციალისტია არყოლის გამო, შეუძლებელია. ამიტომ ადგილობრივები იძულებულები ხდებიან, საჭირო სამედიცინო კვლევებისთვის სხვა ქალაქში წავიდნენ. ეს კი დიდ დროსა და ფინანსებთან არის დაკავშირებული.
„ხარაგაულის კლინიკაში ორთოპედიული მომსახურება არ არის. ჩემს შვილსაც დასჭირდა და თბილისში წავიყვანე. ახლა, პანდემიის გამო, ვეღარ ვახერხებ. ორთოპედი აუცილებლად უნდა იყოს ხარაგაულში, გარკვეულ დღეებში მაინც“, – ამბობს ნათია მესხი.
ახალგაზრდა დედების ყველაზე დიდი სურვილია ხარაგაულში საბავშვო საცურაო აუზი არსებობდეს. მათი აზრით, ეს ბავშვების ჯანმრთლობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, აუცილებელია. ოთხი შვილის დედა, ეკა დვალიშვილი ამბობს, რომ ბევრი მშობლის სურვილია, ხარაგაულში ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყოს.
„ჩემი შვილები სანამ პატარები იყვნენ, ცურვაზე ზესტაფონში დაგვყავდა. ზესტაფონამდე საკმაოდ შორი მანძილია და ახლა ვეღარ ვახერხებ ბავშვების წაყვანას. ხარაგაულში რომ იყოს, ბევრი ბავშვი ივლიდა. ჩვენ, მშობლები, როგორმე შევინახავდით ერთ საცურაო აუზს“, – აღნიშნავს ეკა დვალიშვილი.
ახალგაზრდა დედები ხარაგაულში სპორტული და კულტურული წრეების ნაკლებობაზე საუბრობენ. ბავშვების ინტერესი მრავალგვარია. მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოზარდებს სხვადასხვა კუთხით განვითარების შესაძლებლობა მისცეს.
„ჩემი შვილი დაინტერესებულია რაგბით, თუმცა ეს წრე დაბა ხარაგაულში არ ფუნქციონირებს, – ამბობს ნათია მესხი, – კიცხში იყო და ახლა ვარჯიში, პანდემიის გამო, იქაც შეჩერებულია. კარგი იქნება ჩოგბურთის წრეც თუ იქნება. წინა წლებთან შედარებით ამ კუთხით პროგრესი არის, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო“.
მშობლების აქტიურობის შედეგად ხარაგაულში ბავშვების გასართობმა ადგილებმა და ინფრასტრუქტურამ იმატა. მშობლები ახლა სხვა პრობლემის შესახებ საუბრობენ.
„დიდი ხანი ვოცნებობდით, ხარაგაულში საბავშვო ატრაქციონები რომ გვქონოდა. ეს, როგორც იქნა, გვეღირსა. ახლა მეორე ფაქტის წინაშე დავდექით – ბავშვებისთვის განკუთვნილ პარკში არასახარბიელო მდგომარეობაა – მოზარდები არაფხიზელ მდგომარეობაში ვნახეთ. ჩემი შვილები ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში რამდენიმე უსიამოვნო ფაქტს წაწყდნენ და თვითონაც აღარ უჩნდებათ იქ წასვლის სურვილი. გული მწყდება. აბა რისთვის დაიდგა ატრაქციონები, თუ ბავშვებმა არ ისარგებლეს?!“- ამბობს ეკა დვალიშვილი.
„ხარაგაულში საბავშვო ატრაქციონების დეფიციტი ნამდვილად იყო, თუმცა ამ კუთხით უკეთესი მდგომარეობაა ახლა, – აღნიშნავს ნათია მესხი, – კარგი იქნება სოფლებშიც თუ გაკეთდება მსგავსი გასართობი ადგილები. საბავშვო ატრაქციონებთან ერთად პატარა სავარჯიშო სივრცეებიც უნდა მოეწყოს. ამით ადრეული ასაკიდან შევაჩვევთ ჩვენს შვილებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რომელიც მათი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
ჩემი რესპონდენტები, ეკა და ნათია, აღნიშნავენ, რომ დიდი მობილიზების ფონზე ახერხებენ დროის სწორად გადანაწილებას სამსახურსა და ოჯახში. ცდილობენ შვილებს ყურადღება და ენერგია არ მოაკლონ, ამავე დროს სამსახურშიც წარმატებას მიაღწიონ.
„მე პირადად არასდროს მომითხოვია კოლოსალური ხელფასი. მგონია, რომ რასაც ვშრომობ, იმის შესაფერისი ანაზღაურება არ მაქვს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ანაზღაურების პირობებში ზაფხულში ბავშვები დასასვენებლად ვერ მიგვყავს“, – ამბობს ეკა დვალიშვილი.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება