

ხარაგაულში შშმ დღის ცენტრის შექმნის იდეის ავტორმა რუსუდან გურგენიძემ გასულ წელს საკრებულოს წარუდგინა ხარაგაულში, კერძოდ, ფარცხნალის სკოლაში, შშმ დღის ცენტრის ჩამოყალიბების პროექტი. ამ პროექტის მიხედვით ეს ცენტრი მოემსახურებოდა დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებს. შშმ დღის ცენტრის შექმნა 2015 წლის ბიუჯეტში არ აისახა.
12 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისში რუსუდან გურგენიძის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ა/ო „ნაბიჯის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაგდა ყურაშვილი, მაია ბერაძე-ჯონსონი, რომელიც დაინტერესებულია ხარაგაულში დღის ცენტრის შექმნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები.
რუსუდან გურგენიძის ინფორმაციით, ხარაგაულში ოფიციალურად დარეგისტრირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 70-ზე მეტი ბავშვი, სხვადასხვა დაავადებებით. დღის ცენტრის დანიშნულებაა ამ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირება. მისივე თქმით, პრემიერმინისტრის ბრძანებით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც შეიმუშავა პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მომსახურებისთვის არა მარტო დღის ცენტრებში, არამედ იმ შემხვევაშიც თუ ამ ბავშვებს ესაჭიროებათ შინ მოვლის პროგრამები. „დღევანდელი შეკრების მიზეზია შევჯერდეთ როგორ, სად ვაკეთებთ ხარაგაულში დღის ცენტრს, რომ ამის მიხედვით წარმოვადგინოთ პროექტი,“ – აღნიშნა რუსუდან გურგენიძემ.
ა/ო „ნაბიჯის“ დამფუძნებელ მაგდა ყურაშვილის თქმით, საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არის ან შებრალება ან საერთოდ უგულვებელყოფა. სახელმწიფოს ვალდებულებაა პრობლემები მოუგვაროს ასეთ პირებს, რათა ისინი იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. დღის ცენტრში ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ორჯერადი კვებით, ლოგოპედის, ფსიქოლოგის მომსახურებით. დღის ცენტრი ბავშვს აჩვევს ცხოვრების ელემენტარულ ჩვევებს. აქ შეიძლება მათ შეისწავლონ ისეთი ხელსაქმე, რომელსაც გამოიყენებენ ცხოვრებაში. დღის ცენტრში გათვალისწინებულია სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის. პირველ ეტაპზე საჭიროა მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარება, რათა შეიქმნას დღის ცენტრი. შემდეგ მას დააფინანსებს ჯანდაცვის სამინისტო.
ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ნოდარ ებანოიძის თქმით, დღის ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბენეფიციარებისათვის, ვისაც ის მოემსახურება. მათ მიეცემათ საშუალება, გამოვიდნენ საზოგადოებაში და ურთიერთობა ჰქონდეთ საზოგადოების წევრებთან. მათ შანსი უჩნდებათ იმისა, რომ საქმე გაკეთონ, რაღაც შეისწავლონ, დაინახონ საკუთარი ხვალინდელი დღე. ეს უდიდესი დახმარება იქნება ამ ბავშვების მშობლებისა და ოჯახის წევრებისათვის. თქვენ შემოგვთავაზეთ დასაბუთებული მომზადებული პროექტი და ამის შემდეგ მიიღებს თვითმმართველობა გადაწყვეტილებას.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მანანა ბარბაქაძის თქმით, მის მის მაჟორიტარულ ოლქში არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთა მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება. მაგდა ყურაშვილის თქმით, ასეთი ბავშვებისათვის გათვალისწინებულია შინ მოვლის პროგრამა, – სოციალური მუშაკი ან მომვლელი ყოველდღე ივლის მასთან და მიეხმარება მის ოჯახს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სახელით გამოთქვა მზაობა დღის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აუცილებელია ამ მიმართულებით დაიხარჯოს თანხა, მაგრამ აუცილებელია ამ თანხამ მოგვცეს მაქსიმალური შედეგი. „დღის ცენტრისათვის, ჩემი აზრით, უპრიანი იქნება კიცხის სკოლა-პანსიონის შენობა, რომელსაც გააჩნია ელემენტარული ინფრასტრუქტურა და სერვისი ამისათვის. მინდა გავცდეთ საუბრის დონეს და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ამისათვის საჭიროა სწორი პროგრამა, რომელსაც დავაფინანსებთ, მაგრამ უნდა გავარკვიოთ, ეს პროგრამა შეიქმნას მუნიციპალიტეტში თუ მისგან დამოუკიდებლად. ამ მიმართულებით გვინდა თქვენი დახმარება, რჩევა. ქალბატონი რუსუდანის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ იყო მზად დასაფინანსებლად, ის გათვალისწინებული იყო 15 ბავშვზე, მაგრამ რით დავეხმაროთ დანარჩენ 55-ს, რომელთაც ეს პროგრამა ვერ შეეხება“.
მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის, თქმით მუნიციპალიტეტს შეუძლია შექმნას პროგრამა, რომელიც დაეხმარება ისეთ პიროვნებებს, რომლებიც მდგომარეობის სიმძიმის გამო ვერ ისარგებლებენ დღის ცენტრის მომსახურებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ დღის ცენტრის შექმნა ძალიან კარგი იქნება თითოეული ბავშვისათვის და მათი ოჯახებისათვის. ასეთ ოჯახში ძალიან ბევრი პრობლემაა და დღის ცენტრი ამ პრობლემებს გარკვეულწილად შეამცირებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა წამოაყენა ინიციატივა, რომ შეიქმნას სოციალური პროგრამა, რომელიც წელიწადში ერთჯერად დახმარებას გაუწევს 18 წლამდე შშმ პირთა ოჯახებს.
მანანა ტაბაშიძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რთული რელიეფური პირობების გამო, ძალიან ჭირს ტრანსპორტირება. ამიტომ უმჯობესია, თუ ბავშვთა დღის ცენტრი გაკეთდება ზონების მიხედვით.
-ვერტყვიჭალაში სკოლასთან ახლოს არის ერთი სახლი, რომლის მესაკუთრეც მზადაა უსასყიდლოდ, ორი წლის ვადით, გადმოგვცეს ეს შენობა, – ამბობს ლაშა გოგოლაძე.
სერგო შველიძემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს 18 წლის შემდგომაც ესაჭიროებათ დახმარება და აუცილებელია ზრუნვა ამ მიმართულებითაც.
გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმით, ერთი დღის ცენტრი ხარაგაულში ვერ მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს, რამდენიმეს შექმნა კი მეტ ხარჯს მოითხოვს ბიუჯეტიდან. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში უკვე შექმნა მსგავსი დღის ცენტრები. „თუ შევქმნით სტანდარტს, რომელსაც ითხოვს სახელმწიფო, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დღსი ცენტრები გავაკეთოთ ზონების მიხედვით,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
მაგდა ყურაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტის მიხედვით, დღის ცენტრში შშმ პირების რაოდენობა დამოკიდებულია შენობის ფართზე. ერთ ბავშვზე გამოყოფილი უნდა იყოს 6მ2. რვა ბავშვს დასჭირდება ერთი მომვლელი, ასევე საჭიროა ლოგოპედი, მასაჟისტი და პედაგოგი.
სტანდარტით, დღიურად ერთ ბავშვზე განსაზღვრულია 11 ლარია, – ამაში შედის კვება, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირება და ა.შ.
საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა დღის ცენტრის შექმნაზე მზაობა, მაგდა ყურაშვილმა კი აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგენს სრულყოფილ პროექტს.
რუსუდან გურგენიძის აზრით, ეს შეხვედრა შედეგიანი იყო: „ვფიქრობ, რომ საქმე, რომელიც ადგილიდან დაიძრა, განვითარდება.“
თამთა გოგოლაძე
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,