ამის შესახებ ინფორმაცია მშენებელი კომპანია „ლ და კ“-ს დირექტორის, კობა ლომიძესგან მოვიპოვეთ.

„ლეღვანი-ხარაგაულის წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის პროექტი უნდა დაკორექტირდეს, – ამბობს კობა ლომიძე, – ცენტრალური მილი მდინარე ლეღვნურას კალაპოტში უნდა განვათავსოთ. მაისში, ერთი თვის წინ მომხდარმა წყალდიდობამ რელიეფი მთლიანად შეიცვალა. ამიტომ ერთი კილომეტრი მონაკვეთი ხელახლა დასაპროექტებელია.

დამკვეთი – „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და დამპროექტებელი პროექტს აკორექტირებენ. განახლებულ პროექტს, სავარაუდოდ, ათ დღეში ველოდები.

მომავალი კვირის ბოლოს დაბა ხარაგაულში შიდა დაქსელვის სამუშაოებს დავასრულებთ.

ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულისთვის წყალმომარაგების ალტერნატიულ სისტემაც ვაშენებთ. ამისთვის ხარაგაულში, წყალსადენის ტერიტორიაზე (რიყის ბინების მიმდებარედ) ვაკეთებთ სატუმბ სადგურს, სამ ჭაბურღილს, საავადმყოფოს მიმდებარედ კი წყლის შემკრებ რეზერვუარსა და საქლორატოროს.

ზუსტი პასუხი, თუ როდის დამთავრდება ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და მოსახლეობა როდის მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას, მომავალი კვირის ბოლოს მეცოდინება“.

შპს „ლ და კ“ ხარაგაულში წყალმომარაგების სამუშაოებს 3 916 930 ლარად ახორციელებს

ამჟამად ხარაგაულში წყალი გრაფიკით მოგვეწოდება – დილის 07:30 სთ-დან, 10:00 სთმდე, საღამოს 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, აბონენტებისთვის წყლის მოწოდებას ზოგჯერ ახანგრძლივებენ, თუ წყლის ხარჯი შედარებით ნაკლებია.

ნინო კაპანაძე