ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი, რომელიც ხარაგაულში ხუთი წლის წინ ამოქმედდა, მიზნად ახალი იდეების ხორცშესხმასა და განვითარებას ისახავს.

პანდემიამ ცენტრის საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამ ეტაპზე მხოლოდ Lego robotiqcs -ის შემსწავლელი  კურსი აქვთ, რომელიც  სასკოლო პროცესის დამთავრების პარალელურად სამმა ჯგუფმა დაასრულა. მათ სერთიფიკატები გადაეცათ. აღნიშნულ კურსზე სწავლის დაწყება მოსწავლეებს მე-3 კლასიდან შეუძლიათ. აქ ისინი Lego robotiqcs-ის აწყობასა და პროგრამირებას სწავლობენ.

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი, ია ჯანიაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ სერთიფიკატი არაფერს ნიშნავს, თუ მოსწავლეს ცოდნა არ აქვს. სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათმა კურსდამთავრებულმა ცოდნა და გამოცდილება მიიღოს.

ინოვაციების ცენტრის თანამშრომლები ამჟამად შვებულებაში არიან. ერთ თვეში კი ყველას, მათ შორის ხარაგაულში ჩამოსულ სტუმრებს, შეეძლებათ ისარგებლონ ინოვაციების ცენტრის კომპიუტერებითა და ინტერნეტით.

„პანდემიის გამო 3 D პრინტერის მასალებით ვეღარ მოვმარაგდით, რადგან მათ საზღვარგარეთიდან ვიღებდით. ამის გამო, ეს კურსი ჩვენთან აღარ ფუნქციონირებს, – ამბობს ია ჯანიაშვილი, – საინტერესო პროექტები გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეჩერებულია.

ტრენინგებიც აღარ გვიტარდება. იმედია, დაგვატრენინგებენ და სექტემბრიდან სიახლეებით დავხვდებით ჩვენს ცენტრში სწავლის მსურველებს. სხვა თუ არაფერი, კომპიუტერების შემსწავლელ კურსებს მაინც შევთავაზებთ მათ და ამ კუთხით სიღრმისეულ ცოდნას მივცემთ. ამჟამად, ცენტრში ერთი პედაგოგი გვყავს – ლექსო კიკნაძე. ის Lego robotiqcs-ის პროგრამას ასწავლის.

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების შემსწავლელი, ვებ-გვერდების, სოციალური საიტების, აპლიკაციების შექმნის, პროფესიული ორიენტაციის შესახებ ჩატარებული კურსები.

გასულ წლებში ჩავატარეთ კრეათონი, სადაც მოსწავლეებმა შეიმუშავეს სხვადასხვა იდეები თერმობინოკლის, დასასვენებელი ფეხსაცმელის, ღიმილის ოთახის შექმნაზე, ონლაინ რეპეტიტორის მომსახურების დანერგვაზე და სხვ.

საქართველოში ინოვაციების ცენტრი ყველა დიდ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვაქვს. ტრენინგები ერთად გვიტარდება და სიახლეებიც ერთნაირად მოგვეწოდება. მაგალითად, პანდემიის დროს აქტიური მიმოწერა გვქონდა საჩხერის ინოვაციების ცენტრთან.

ორი წელია, ინოვაციების ცენტრის მენეჯერი ვარ და ამ ხნის განმავლობაში 50 კურსდამთავრებული გავუშვით. ეს მცირე რიცხვი პანდემიით არის განპირობებული, რადგან 4 ჯგუფზე მეტის აყვანის შესაძლებლობა არ გვაქვს. ბავშვების გარდა მოზარდებსაც შეუძლიათ ჩვენი ცენტრით სარგებლობა“.

ლიკა ხიჯაკაძე