„ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირებათა რაოდენობა, წინა თვეებთან შედარებით არ შეცვლილა, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე, – თვეში დაახლოებით 1500 – 1700 ტესტს ვაკეთებდით. ამის მიუხედავად, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლებადია.

გაზაფხულზე ხშირია რესპირატორული დაავადებების რიცხვი. ამის გამო ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდათ, უსაფრთხოების მიზნით, კორონავირუსზე იტესტებოდნენ.

ვინაიდან ტემპერატურის მატებასთან ერთად რესპირატორული დაავადებების რიცხვი მცირდება, ამის გამო ტესტირებებზე მომართვიანობა შემცირდება.

ამ ეტაპზე COVID-19 -ზე გეგმიურად მხოლოდ ხარაგაულისა და ბორითის კლინიკისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ვტესტავთ. სკოლის პედაგოგების ტესტირება, სასწავლო პროცესის დასრულების გამო, შეჩერდა“.

16 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები ვარძიისა და მოლითის მაცხოვრებლები არიან. ორი მათგანის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია, ხოლო ერთის  – უცნობია.

სულ ხარაგაულში, პირველი დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსის  678 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 626 პირი გამოჯანმრთელდა, – 15 გარდაიცვალა.

38 ინფიცირებულიდან, ამჟამად კორონავირუსზე სტაციონარში 4 ხარაგაულელი მკურნალობს, ხოლო დანარჩენები სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს და ხვალ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება ჩატარდება.

თამთა გოგოლაძე