სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა და პედაგოგები, სკოლის დირექციებთან ერთად, შედეგებს აჯამებენ.
ამ სასწავლო წლის წარმატებულად შეფასება, პანდემიის პირობებში, წარმოუდგენელია. დისტანციურად სწავლებამ ბევრი სირთულე შექმნა. მათგან უმთავრესი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი კიცხის საჯარო სკოლისთვის პანდემია ორმაგად რთულად დასაძლევი გახადა იმ ფაქტორმა, რომ სწავლა მეზობელ თეთრაწყაროს სკოლაში უხდებოდათ, რადგან კიცხის მოძველებული სკოლის ადგილზე, უკვე ორი წელია, ახალი სკოლა შენდება.
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის თეთრაწყარომდე ტრანსპორტირება, პანდემიის გათვალისწინებით, დამატებითი რისკი იყო. თუმცა, სასწავლო წელი ისე დაასრულეს, რომ კორონავირუსით არავინ დაინფიცირებულა.
კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ პროგრამის ბოლომდე გავლა მხოლოდ რამდენიმე საგანში ვერ მოასწრეს; თუმცა, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჯერ ამ დარჩენილ მასალას გაივლიან და შემდეგ შეისწავლიან ახალს. მათთვის მთავარი პროგრამის ხარისხიანად ათვისებაა, მოსწავლეებმა რომ სიღრმისეული ცოდნა მიიღონ.
– ქალბატონო თამარ, პანდემიის პირობებში, ამ სასწავლო წელს, რამდენად გაართვით თავი სწავლების პროცესს?
– ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით. ეს იყო მოულოდნელი და უჩვეულო სწავლების პროცესი. მოსწავლეებს ონლაინსწავლებაში ჩართვა გაუჭირდათ. მასწავლებლები ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ, რომ რომელიმე მოსწავლე გაკვეთილების მიღმა არ დარჩენილიყო. ინტერნეტზე წვდომა თუ არ ჰქონდა, ტელეფონით უკავშირდებოდნენ. ხშირად ბავშვები თიმსის პროგრამას გამოეთიშებოდნენ ხოლმე.
ასეთ პირობებში სწავლება არასასიამოვნო პროცესი იყო. თუმცა, ჩვენ ეს დავძლიეთ. ამ სასწავლო წლის დასაწყისში დაწყებითი კლასებისათვის დამატებითი ინდივიდუალური მეცადინეობები დავნიშნეთ.
მაღალი კლასის მოსწავლეები უფრო მობილურები აღმოჩნდნენ. ისინი ტექნიკასთან ურთიერთობას მიჩვეულები არიან და არ გასჭირვებიათ.
მალე უნდა გადავიდეთ სწავლების ისეთ მოდელზე, რომლის მიხედვითაც პროგრამის დასრულება აღარ იქნება ჩარჩოში მოქცეული. შეიძლება კომპლექსურად ხუთი თემა გაიარო, მაგრამ ხარისხიანად. წარსულს ჩაბარდება – „პროგრამა ვერ მოვასწარი“.
– მოსწავლეებსა და პედაგოგებს რამდენად მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე და რამდენად აქვთ შესაბამისი ტექნიკა – კომპიუტერები ან ტელეფონები?
– პანდემიის პირველ ეტაპზე მოუმზადებლები აღმოვჩნდით. მშობლებსა და მასაწავლებლებს შესაბამისი ტექნიკა და ინტერნეტი არ ჰქონდათ. შემდეგ მშობლებიც მიხვდნენ, რომ ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია. ონლაინსწავლებაზე მეორედ გადასვლისას ამ კუთხით უკვე აღარ გვქონდა პრობლემა.
– დისტანციურმა სწავლებამ რა გამოცდილება მოგცათ?
– დისტანციურმა სწავლებამ მოსწავლეები მედიაწიგნიერებასა და ციფრულ ტექნოლოგიებს შეაჩვია. ინფორმაციის მოძიების კარგი უნარები განუვითარდათ. ძალიან კარგ პრეზენტაციებს აკეთებენ.
მშობლებიც მიხვდნენ, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში ინტერნეტი არათუ დროს აკარგვინებს ბავშვს, არამედ მისი განვითარებისთვის აუცილებელია.
დისტანციურად ყოფნამ და მონატრებამ ერთმანეთის დაფასება გვასწავლა. მივხვდით, რომ ჩვენი ყოველდღიურობა დიდი ბედნიერება ყოფილა.
– გამოცდილი, პრაქტიკოსი პედაგოგები ორი წლის წინ რომ სკოლებიდან ჯილდოთი გავაცილეთ, ეს ფაქტი რეგიონის სკოლებზე როგორ აისახა?
– ჩვენი სკოლიდან ამ ჯილდოთი სამი მასწავლებელი წავიდა. სამივე თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს. შეეძლოთ დარჩენილიყვნენ, მხოლოდ საათების რაოდენობა შეუმცირდებოდათ.
ბიოლოგიაში კონკურსის წესით ახალი სერთიფიცირებული პედაგოგი მივიღეთ. კიცხის სკოლაში საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები გვყავს და ამიტომ არ გაგვჭირვებია. ბევრი სერთიფიცირებული კადრია სკოლის მიღმაც.
მე მაინც ვფიქრობ, რომ პრაქტიკოსი პედაგოგის გამოცდილება ძალიან დასაფასებელია. სკოლას საკუთარი „შიდა სამზარეულო“ აქვს, რომლის შეჩვევასაც გარკვეული დრო სჭირდება.
ყველა არ არის მოწოდებით პედაგოგი. მასწავლებლობა განსხვავებული პროფესიაა. არ შეიძლება მხოლოდ ხელფასის დღეს ელოდებოდე. მოსწავლე უნდა გიყვარდეს და მისდამი პასუხისმგებლობას გრძნობდე.
– ახალი სკოლის მოდელი რას გულისხმობს? კიცხის სკოლა როდის აპირებს ჩართვას?
– კიცხის სკოლა ახალი სკოლის მოდელში ჯერ ჩართული არ არის. თუმცა, ტრენინგებს მაინც ვესწრებით. ვფიქრობ, სექტემბრიდან ჩავერთვებით. ახალი სკოლის მოდელი მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული. კომპლექსური დავალებით მოწმდება, ვის რა უნარი აქვს.
ახალი სქემა ძველისგან იმით განსხვავდება, რომ ბავშვის კრიტიკულ აზროვნებაზეა მორგებული. მოსწავლეს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, საკუთარი უნარები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოს. მოსწავლის ინტერესების დანახვის შესაძლებლობას იძლევა, – რის მიმართ აქვს მას მიდრეკილება და მერე მასწავლებელმა ამ კუთხით უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა.
მოსწავლე ყველაფერს ერთნაირად კარგად ვერ ისწავლის. პედაგოგის როლი ძალიან დიდია. ჩვენ ამას ადრეც ვაქცევდით ყურადღებას. ზოგს ეს მოდელი მოსწონს, ზოგს – არა. მე ბევრი დადებითი დავინახე.
– მასწავლებლები პროფესიული განვითარების მიმართულებით სიძნელეებს ხომ არ აწყდებიან?
– არა, არანაირი სირთულე არ არის. ჩვენი გუნდი დარაზმულია. განათლების სამინისტროსგან შემოთავაზებულ ყველა ტრენინგს ვესწრებით. ზოგჯერ ჩვენ თვითონაც ვითხოვთ მათგან ტრენინგებს. ვფიქრობ, ფეხს ვუწყობთ ამ პროცესს და ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ.
– რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით. რამდენად დიდია მოსწავლეებში რუსული ენისადმი ინტერესი?
– რუსეთში ტვერის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის განხრით 1991 წელს დავამთავრე. თითქმის 30 წელია, აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობაში ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და საგანი. ამას ჩემი მოსწავლეებიც გრძნობენ და თვითონაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ახალ კლასში როდესაც შევდივარ, საუბარს იმით ვიწყებ, რომ რუსეთი ოკუპანტია. მას ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. მე არ მიყვარს პუტინი, მაგრამ მიყვარს რუსული კლასიკური ლიტერატურა და რუსი ხალხი.
ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი ურთიერთობა და ამიტომ საჭიროა, ეს ენა ვისწავლოთ. გარდა ამისა, ნათქვამია, – რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო.
– კარგი მასწავლებელი და კარგი დირექტორი რას ნიშნავს თქვენთვის?
– კარგია მასწავლებელი, რომელიც ყველა სიახლეს ფეხს უწყობს, თვითგანვითარებაზე ზრუნავს და მოსწავლეები ძალიან უყვარს. მასწავლებლი პროფესიულად მუდმივად უნდა იზრდებოდეს, რომ მოსწავლეს არაფერი დააკლოს.
დირექტორს რაც შეეხება, მასწავლებლობის გზა უნდა ჰქონდეს გავლილი და იცოდეს, რა საჭიროებები აქვთ მათ. ის უნდა ზრუნავდეს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე. გარდა ამისა, უნდა იყოს კარგი მენეჯერი.
– რამდენი მოსწავლე სწავლობს დღეს კიცხის სკოლაში?
– 84 მოსწავლე გვყავს. წელს ყველაზე მცირე – სამი კურსდამთავრებული გავუშვით. 14 პირველკლასელია დარეგისტრირებული და ვფიქრობ, კიდევ დაგვემატებიან.
– რა ეტაპზეა ახლა კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა?
– ამ დროისთვის ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს. შენობამ თითქმის სრულყოფილი სახე მიიღო. სავარაუდოდ, ორ თვეში მშენებლობის პროცესი მთლიანად დასრულდება.
გასარკვევი გვაქვს ჟალუზების საკითხი, რადგან არ ვიცით, პროექტით გათვალისწინებულია თუ ჩვენ მოგვიწევს ფარდების შეძენა.
სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოგვიტანა ავეჯი – სკამები, მერხები, ლაბორატორიისა და სამასწავლებლოს ინვენტარი, კლასებში დასადგმელი კარადები. ამაღლებული განწყობით ველოდებით ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების სკოლაში სწავლის განახლებას.
– რას უსურვებთ თქვენს მოსწავლეებს, კოლეგებსა და მშობლებს?
– ახალი სასწავლო წლის პანდემიის გარეშე დაწყებას. ასევე ჯანმრთელობასა და წარმატებულ სასწავლო წელს.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.