2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდებათ.

საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ.
ამასთან, დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ გაიმართება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გასული წლის მსგავსად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან უნდა აღიჭურვოს გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება მინიმუმ 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში სავალდებულოა. კონდიციონერები ირთვება 30°  გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. ცენტრი წელსაც მოაწყობს სპეციალურ სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • ეკეთოთ  პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით, დამატებითი პირბადე და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მიტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები.

წყარო