დღეს საქართველოს სასკოლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დასრულდა. გიმნაზიელებმა, ამასთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში ღონისძიება მოაწყვეს.

ზეიმის დაწყებამდე გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი მამა პავლე (ცერცვაძე) უკვე მე-12 კლასის მოსწავლეებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მათ ხომ წინ საკმაოდ რთული და დატვირთული აბიტურიენტობის პერიოდი ელოდებათ. მამა პავლემ მოსწავლეებს ურჩია, მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დრო ცოდნის მიღებისა და მობილიზებისათვის, რათა სასურველ სასწავლებელში ჩაირიცხონ.

პანდემიის გამო, წლევანდელი სასწავლო წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ხარაგაულის გიმნაზიისთვის, ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინსწავლების გარკვეული გამოცდილება არსებობდა, ამ პროცესს სირთულეები მაინც ახლდა.

განსაკუთრებით საყურადღებო იყო მე-4 კლასელების მდგომარეობა, რომ მათ პროგრამის სრულად გავლა მოესწროთ, რადგან ისინი პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს ვითარება თადარიგიანად გაითვალისწინა გიმნაზიის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ანა ჭანკვეტაძემ.

„ჩემი არც ერთი მოსწავლე გაკვეთილების მიღმა არ დარჩენილა, – ამბობს ანა ჭანკვეტაძე, – თიმსის პროგრამაში ვინც ვერ ერთვებოდა, ტელეფონით ან მესენჯერით ვუკავშირდებოდი. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა სრულად მოვასწარით. ბავშვები ძალიან აქტიურობდნენ.

მინდა გამოვყო მშობლების როლი, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. დაწყებითი საფეხურიდან საბაზისოზე გადასვლა ღონისძიებით აღვნიშნეთ. ეს იყო ბედნიერებისა და მადლიერების ზეიმი“.

იმის გამო, რომ გიმნაზია კერძო სკოლაა,  საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, მათ თიმსის პროგრამის შეძენა მოუწიათ. დეკანოზი მამა პავლე (ცერცვაძე) აღნიშნავს, რომ პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გადაამზადეს.

„ონლაინსწავლებისას ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, – ამბობს დეკანოზი მამა პავლე (ცერცვაძე),-მიუხედავად ამისა, ეს სირთულე წარმატებით დავძლიეთ. ჩვენი სკოლის 190 მოსწავლიდან 185 იყო ჩართული ონლაინსწავლებაში. ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, რომელთაც ლომის წილი მიუძღვით ამ პროცესში.

ჯანდაცვის სამინისტრომ რომ შეგვამოწმა, მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჩვენ გვქონდა რეგულაციების დაცვისა და ინფრასტრუქტურის მხრივ. მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობას ვუხდი მეუფე მელქისედეკს (ხაჩიძე).

ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. გიმნაზია მაღალი დონის კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვება.

მომავალი სასწავლო წლისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს, მშობლებსა და პედაგოგებს მინდა ვუსურვო ღვთის წყალობა და წარმატება როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მთავარია, ეს პანდემია დავძლიოთ და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს“.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე – გიმნაზიის მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, პედაგოგებთან და გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად