

18 იანვარს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში წირვა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ჩაატარა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მეუფე დიმიტრი ამიერიდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას უხელმძღვანელებს. მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავრად კი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) დაინიშნა.
მეუფე დიმიტრი დაემშვიდობა ხარაგაულელებს და მადლობა გადაუხადა 14-თვიანი ურთიერთობისა და საქმიანობისათვის.
„ასეთია ნება ღვთისა და ვალდებულები ვართ, მას დავემორჩილოთ, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ წირვის შემდეგ, – ადამიანები და, განსაკუთრებით სასულიერო პირები, უნდა ცხოვრობდნენ ისე, როგორც უფალს უნდა და არა ისე, როგორც თავად სურთ. ეს არის ჭეშმარიტება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა. მინდა შენდობა ვთხოვო მათ, ვინც დავაბრკოლე ჩემი საქციელით ან ვერ ვუპასუხე მათ შეკითხვებს და გულისტივილს ისე, როგორც სჭირდებოდათ. იმედს გამოვთქვამ, რომ ახალ მღვდელმთავართან უფრო დიდი სიყვარულითა და მორჩილებით დაამყარებთ ურთიერთობას.
მეუფე მელქისედეკი წარმოშობით ხარაგაულიდანაა, წაქვაშია მისი ფესვები. დარწმუნებული ვარ, შეძლებს იმ საქმეების გაგრძელებას, რომელიც მე ჩავიბარე წინა მღვდელმთავრისაგან და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს როგორც ხარაგაულის, ისე სრულიად ეპარქიისთვის.
მინდა განსაკუთრებულად დავემშვიდობო ხარაგაულის გიმნაზიის მასწავლებლებს, რომლებიც, გარდა იმისა, რომ იყვნენ ეკლესიის მრევლი, ჩემი თანამშრომლებიც გახლდნენ. განსაკუთრებით ვემშვიდობები ჩემს მოსწავლეებს, რომელთა წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ძალიან დიდი სიყვარული მიმყვება აქედან. იმედია, თქვენი ლოცვა და სიყვარული გამაძლიერებს იმ დიდ საქმეში, რაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დამევალა.
საერთოდ, საქმე რომ კარგად გააკეთო, ჯერ ის საქმე უნდა შეაფასო. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, რთულია მართლმადიდებლური სწავლების მიტანა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ნუგეშისცემა. შესაბამისად, ღვთის დიდი შეწევნა და სულიერი ძალებია საჭირო. მაქვს იმედი, რომ ლოცვით მომეხმარებით ამ დიდი საქმის კეთებაში. ჩვენ წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავთ, სად ვიქნებით, მაგრამ მთავარია იქ ვიყოთ, სადაც უფალს ეს სჭირდება.
ხარაგაულსა და ზესტაფონში ტყუილად იბრალებენ ადამიანები, რომ თითქოს მათი დამსახურებაა ჩემი აქედან წასვლა. მინდა გთხოვოთ, რომ არავინ განიკითხოთ, არვისზე ცუდი არ თქვათ. იმ ადამიანებს იმხელა ძალაუფლება არა აქვთ, რომ თვითონ გადაწყვიტონ მღვდელმთავრების წასვლა-წამოსვლის ბედი. ამას წყვეტს უფალი, პატრიარქი და წმინდა სინოდი. ადამიანებს ამის ძალაუფლება არ აქვს. თუ გაიგებთ ასეთ ამბებს, სიმშვიდით შეხვდით, გაიღიმეთ, რადგან ღიმილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მწუხარება და ბოღმა თუ აქვს ადამიანს გულში, სიცოცხლეს იმოკლებს. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ.
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენ უწმინდეს პატრიარქს, მეუფე მელქისედეკს, რომ ახალ ეპარქიაში გამგზავრებამდე მომცეს თქვენთან დამშვიდობების შესაძლებლობა. იმედია, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. თუ ჩათვლით, რომ მეუფე დიმიტრისთან გასაუბრება გჭირდებათ, დამიკავშირდით. ხშირად ჩამოვალ ჩემს მშობლიურ სახლში და სურვილის შემთხვევაში არ იქნება ურთიერთობის პრობლემა,“ – დასძინა მეუფე დიმიტრიმ.
ნინო კაპანაძე
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,