მეხუთე წელია, რაც საქართველოს რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.

ამჟამად ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ძირულაში. დიდმა სატვირთო მანქანებმა სერიოზულად დააზიანეს როგორც სოფელ ძირულას, ისე ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. მძიმე მდგომარეობაშია ლაშე-ძირულას გზის მონაკვეთი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ქალბატონ მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, მან არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე ინიციატივით, ძირულაში, მდგომარეობის შესასწავლად, იმყოფებოდნენ მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის ILL-ისა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე მათ მითხრეს, რომ ყველანაირად შეეცდებიან გზის ამ მონაკვეთის მოწესრიგებას, თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა,“ ამბობს მანანა ბარბაქაძე.

მან მშენებელ კომპანას გადასცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ თუთარაშვილის მიმართვა, რომელშიც ნათქვამია: „სოფელ ძირულას ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ გზაზე რკინიგზის მაგისტრალის მიმდებარე ხიდი ინტენსიურად გამოიყენება თქვენი კომპანიის მძიმეწონიანი ტექნიკის გადასაადგილებლად. უამინდობის პერიოდში ჩამოდის დიდი რაოდენობით თხევადი ტალახის მასა. იგივე მდგომარეობა იქმნება სოფელ ძირულას მხრიდან, რის გამოც გზა გაუვალი ხდება.

გთხოვთ, განახორციელოთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა აღმოიფხვრას ეს პრობლემა.“

16 იანვარს მანანა ბარბაქაძე კიდევ ერთხელ შეხვდა მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელს თორნიკე ყიფიანს და პრობლემის სასწრაფოდ მოგვარების გზებზე ესაუბრა.

ნინო კაპანაძე

dzirulis_gza-6 dzirulis_gza-5 dzirulis_gza-2 dirulis_gza-1