რომელი ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ ბავშვის განათლებაზე? 3-6 წლამდე, სკოლის ასაკში თუ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს? – ეს საკითხი ბევრი მშობლისათვის საინტერესოა.

სპეციალისტების აზრით, ბავშვის ტვინი ყველაზე მეტად 2 წლიდან 6 წლამდე პერიოდში ვითარდება.

რატომ არის აუცილებელი ამ ასაკში სკოლამდელი აღზრდა, რატომ ტირის საბავშვო ბაღში ბავშვი, უნდა დავაძინოთ თუ არა სკოლამდელი ასაკის ბავშვი შუადღით, რომელი უნარების განვითარებაა აუცილებელი საბავშვო ბაღში, როგორ უნდა წარიმართოს სწავლება ბაღებში, – ამ და სხვა საინტერესო თემებზე საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალიტი ოლგა მუსხელიშვილი გვესაუბრება.

საქართველო ღარიბი ქვეყანა და არ გვაქვს უფლება, სკოლამდელ განათლებაში ინვესტიცია არ ჩავდოთ
ძალიან მაღალია ეკონომიკური მოგება, რომელსაც კარგი სკოლამდელი განათლება გვაძლევს. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სკოლამდელ განათლებაში ჩადებული თანხა ქველმოქმედებაა.

სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია სკოლამდელი განათლების დაფინანსებებაა. ექვს წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაში ჩადებულმა დაფინანსებამ, შესაძლოა, 8-ჯერ მეტი მოგება მოგვცეს, მაშინ როცა სკოლის ასაკში ჩადებული ინვესტიცია (6-18 წლამდე), საშუალოდ, მხოლოდ ორმაგ მოგებას გვაძლევს.

ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ღარიბია და არ გვაქვს სკოლამდელ განათლებაში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობა. პირველი, რაც შეიძლება გააკეთოს ღარიბმა ქვეყანამ, – ესაა მეტი დაფინანსება სკოლამდელ განათლებას.

როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი პირველად ბაღში წასასვლელად
ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს ბაღში წასვლა არ უნდა და ხშირად ტირის. საბავშვო ბაღში მიყვანამდე შვილის მომზადება აუცილებელია. დედა უნდა ესაუბროს, რომ ეს ძალიან საინტერესო ადგილია; იქ უამრავი ბავშვი დახვდება, ბევრი სათამაშოებით; არაჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელიც საინტერესო საკითხებს ასწავლის; თანატოლებთან ერთად ჩაერთვება თამაშებში, რომლებსაც სახლში ვერ თამაშობს.

მშობელი ბავშვს ასე ხშირად უნდა ესაუბროს. აუცილებელია შვილი წინასწარ მივიყვანოთ საბავშვო ბაღში, იქაური გარემო და მასწავლებელი გავაცნოთ. ბავშვს, ბაღში რომ პირველად მოდის, ისეთი აქტივობები უნდა დახვდეს, რაც სახლში არასოდეს უკეთებია; მაგალითად, ხელები საღებავში ჩაყოს და გარშემო ყველაფერი დათხუპნოს; დახვდეს სილა, რომელშიც ითამაშებს; წყალი – რომ შეძლოს გაწუწვა, ტალახი და ა.შ.

საბავშვო ბაღში, პირველ დღეებში, მშობელი ბავშვთან ერთად უნდა იყოს.

დაუშვებელია, როცა მშობელი შვილს ეუბნება – თუ ცუდად მოიქცევი, ბაღში წაგიყვან. ასეთ დროს ბავშვს საბავშვო ბაღი სადამსჯელო დაწესებულებად წარმოუდგენია და რა თქმა უნდა, იქ წასვლა არ უნდა.

ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ბავშვი პირველ დღეები იტირებს და შემდეგ ბაღს შეეეჩვევა. არავითარ შემთხვევაში!  მოუმზადებელმა ბავშვმა, შესაძლოა, პირველ დღეს ისეთი ტრავმა მიიღოს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს.

როგორ ვასწავლოთ სკოლამდელი ასაკის ბავშვს
„ბავშვის სწავლება“ წარმოგვიდგენია, როგორც – მასწავლებელი დაფასთან, რომელიც რაღაცას ხსნის და ბავშვები სხედან და უსმენენ. სამწუხაროდ, დღეს საბავშვო ბაღებშიც სწორედ ასეთი სწავლებაა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის სკამზე დიდხანს ჯდომა არ შეიძლება, რადგან სქოლიოზის განვითარების საფრთხეა. ამ ასაკში ჯობია, იაროს, იდგეს ან იწვეს. აღმზრდელებს ტრენინგებზე ყოველთვის ვეუბნებით – ბავშვები სკამებზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დასვით; მაგალითად, როცა საკვებს მიირთმევენ. მასწავლებელს როცა უსმენენ, არანაირი საჭიროება არ არის, რომ ბავშვები სკამებზე ისხდნენ.

ეფექტურია სკოლამდელი განათლება, როცა ბავშვს მისთვის საინტერესო საკითხის გამოკვლევის შესაძლებლობა აქვს; შეცდომის დაშვებისა და მისთვის სასურველ, განმავითარებელ თამაშებში ჩართვის უფლებას აძლევენ;

ბავშვებმა უნდა ხატონ, იხტუნონ, იძრომიალონ, ისრიალონ, ჩამოეკიდონ, – გამოიკვლიონ სამყარო მათ გარშემო. სკოლამდელი განათლება არ არის „სკამები, მერხები და დაფა“. ასეთი მიდგომა დაწყებით კლასებშიც კი მოძველებული და შესაცვლელია.

დავაძინოთ თუ არა ბავშვი ბაღში
ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ ყველა ბავშვი ერთნაირი გვგონია. ბავშვები ინდივიდუალურები არიან. თუ  დავაკვირდებით, დედმამიშვილებიც კი საოცრად განსხვავდბიან ერთმანეთისაგან და როგორ შეიძლება ყველა ბავშვი ერთნაირი იყოს?!

საბავშვო ბაღში დაძინების დროს უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის სურვილი და შესაძლებლობა. ადრე დამკვიდრებული იყო მოთხოვნა, რომ – საბავშვო ბაღში ყველა ბავშვმა აუცილებლად უნდა დაიძინოს.

ახლა გაჩნდა ტენდენცია, რომ ბავშვს დაძინება კატეგორიულად არ უნდა მოვთხოვოთ. ბაღში უნდა გვქონდეს ორივე შესაძლებლობა, – ანუ, თუ ბავშვს ეძინება, საწოლში უნდა დავაწვინოთ. თუ ბავშვს არ ეძინება, არ უნდა დავაძალოთ. ბაღში უნდა იყოს ცალკე ოთახი, სადაც ბავშვები, რომლებიც არ იძინებენ, ძილის პერიოდში ითამაშებენ და გაერთობიან.

რომელი უნარები უნდა განვითარდეს საბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღის ასაკში (3-6 წელი) ბავშვში ვითარდება მეტყველების უნარი, სოციალური და კოგნიტიური უნარები.

კონკრეტულად ამ ასაკში ყალიბდება ანალიტიკური აზროვნება, კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა, სწავლისადმი ინტერესი და უამრავი სხვა. ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოს ბავშვებში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება.

ბოლო ხანებში გამოიკვეთა, რომ ქართველ ბავშვებს საბუნებისმეტყველო საგნები უჭირთ და ამ მიმართულებით ჩვენ ევროპას ჩამოვრჩებით. ყველა საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, რომ საჭიროა გავაძლიეროთ სკოლამდელი განათლება.

სოციალური უნარების განვითარების სენსიტიური პერიოდი მოიცავს 1,5 წლიდან 5 წლამდე პერიოდს.  საქართველოში საბავშვო ბაღებში სოციალური უნარის განვითარებას ნაკლებ დროს უთმობენ. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვმა შეძლოს მეგობრობა, კოლექტივში ურთიერთობა; იცოდეს როგორ ითამაშოს სხვებთან, როგორ გამოხატოს ემოცია. მნიშვნელოვანია ბავშვმა შეძლოს სხვისი ემოციის წაკითხვა; მიხვდეს, რომ ახლა ამ ადამიანს უჭირს ან უხარია, განივითაროს თანაგრძნობის უნარი. ბავშვმა უნდა შეძლოს თავისი ემოციების მოთოკვა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

დაბადების მომენტში სოციალური და კოგნიტური უნარები საერთოდ არ არის განვითარებული, მაგრამ მეტყველების უნარი რაღაცა დოზით განვითარებულია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვის მეტყველების უნარის განვითარება მუცლად ყოფნის დროს იწყება. ამიტომ კარგია, რომ მომავალი დედა ბავშვს მუცლად ყოფნის დროსაც კი ესაუბროს.

ხშირ შემთხვევაში საქართველოში პატარა ბავშვებს უფროსები ენის მოჩლექით ესაუბრებიან. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ბავშვის მეტყველების განვითარებას ამუხრუჭებს.

საქართველოში ბავშვის პატივისცემის გამოხატვა ჯერ კიდევ პრობლემაა. ეს მასთან საუბარში ყველაზე კარგად გამოიხატება. ბავშვს სერიოზულად უნდა ვესაუბროთ. არ შეიძლება დასცინო ან შეცდომით წარმოთქმულ სიტყვებზე გაიცინო. ბავშვს უნდა ვესაუბროთ ისე, როგორც თანატოლს. ბავშვმა პატივისცემა ყველა მომენტში უნდა იგრძნოს, – რომ მის აზრს უსმენენ და ითვალისწინებენ.

თამთა გოგოლაძე