
იმერეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 17 სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი სამი თვის განმავლობაში იმერეთში 200 000 ადამიანი უნდა აიცრას.
აცრების ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე ამირან გამყრელიძე იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩვენ წლის ბოლომდე საქართველოში 1 700 000 ადამიანი უნდა ავცრათ. ამიტომ აუცილებელია ტემპის გაორმაგება და ვემზადებით ივლისისთვის, როცა ქვეყანაში შემოვა სხვადასხვა ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ინტენსიურ აცრებზე, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – დღეში დაახლოებით 20-25 ათასამდე ადამიანი უნდა ავცრათ.
თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა გავზარდოთ იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციას შეძლებენ. ვაქცინაციაზე რეგისტრაციის ორივე ფორმა გაგრძელდება – წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე და ცხელი ხაზის მეშვეობით.
თუმცა, რადგან სოფლის მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაცია უჭირს, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ე.წ. „ცოცხალი რიგი“.
ასევე „წითელ ჯვარს“ ვთხოვთ და ზაფხულში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში სტუდენტები, რათა ხანდაზმულ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან მუშაობის ჩვევები ნაკლებად აქვთ, დარეგისტრირებაში მიეხმარონ.“
„ქუთაისში უნდა მოეწყოს ერთი დიდი სივრცე, რომ შევძლოთ იმუნიზაციის პროცესის ჩატარება და მოქალაქეების შეუფერხებლად მიღება, – ამბობს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, – განვიხილავთ კიდევ ერთ მიმართულებას – მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა არ შეუძლიათ, საცხოვრებლის მიხედვით ადგილზე დავეხმარებით.
უახლოეს პერიოდში გვექნება გაწერილი გეგმა, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ადგილი იქნება მობილიზებული იმუნიზაციისთვის“.
როგორ დაეხმარება თვითმმართველობა აცრის მსურველ მოქალაქეებს, რომლებსაც რეგისტრაციაც უჭირთ და აცრის ადგილამდე მისვლაც, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი მეტად უნდა გააქტიურდეს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ხარაგაულში აცრები ორ საავადმყოფოში ტარდება, რაც საკმარისი არ არის.
თვითმმართველობა მუდმივ კომუნიკაციაში იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან და იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც აცრა მიმდინარეობს.
თვითმმართველობა, მომართვიანობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას, რომლებსაც აცრის სურვილი აქვთ და გადადგილება უჭირთ“.
„ტრანსპორტით მომსახურებისთვის აუცილებელია, რომ აცრის სურვილი ერთ ზონაზე 20-მა პირმა მაინც გამოთქვას, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე, – სოფელ წიფიდან ერთი ან ორი მოქალაქის ტრანსპორტირებას ვერ შევძლებთ. ინფორმაცია აცრის მსურველთა შესახებ ოჯახის ექიმებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უნდა მოგვაწოდონ.
თუმცა, ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა თანდათან გაიზრდება და ამ პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ვაქცინაცია ყველა საექიმო ამბულატორიაში ვერ ჩატარდება. სავარაუდოდ, აცრებისთვის ამბულატორიები ზონალურად შეირჩევა.
ხარაგაულში ამჟამად აცრები ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში მიმდინარეობს. იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მაგალითად სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში აცრებისთვის ვერც ერთი სამედიცინო დაწესებულება ვერ შეირჩა. თუ ხარაგაულში აცრის პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან, ეს აცრაზე ხელმისაწვდომობასა და ვაქცინირებულთა რაოდენობას გაზრდის“.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“