
ერთ თვეზე ცოტა დრო რჩება საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
გამოცდების მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტების მღელვარება მატულობს. კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელი წლის განმავლობაში, სწავლება, უმეტესად, დისტანციურად მიმდინარეობდა. აბიტურიენტები ამბობენ, რომ ეს საკმაოდ რთული იყო და ონლაინსწავლებისას პროგრამის სრულყოფილად შესწავლა გაუჭირდათ.
„დისტანციურად სწავლისას ყურადღების მობილიზება რთულია, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის კურსდამთავრებული გიგა ხიჯაკაძე, – კომპიუტერთან ზიხარ და არავინ აკონტროლებს, მასწავლებელს რამდენად ყურადღებით უსმენ“.
„დისტანციურმა სწავლებამ უკან დაგვხია; ფაქტობრივად, სწავლის პროცესს მოგვწყვიტა. ონლაინ სწავლა რთულია“, – აღნიშნავს ვარძიის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ნიქაბაძე, – თემებსა და ნაშრომებს, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვასწორებდით. ვწვალობდით, რომ ეს ნაშრომები მასწავლებლისთვის როგორმე მიგვეწვდინა“.
საქართველოში ძნელად მოიძებნება აბიტურიენტი, რომელიც დამატებით არ ემზადება.
საინტერესოა, რა განაპირობებს რეპეტიტორის აყვანას, – სკოლა საკმარის ცოდნას ვერ აძლევს მოსწავლეს თუ თავად მოსწავლეს უჭირს ეროვნული გამოცდებისთვის პროგრამის დაძლევა. ხარაგაულელმა აბიტურიენტებმა ჩვენს ამ შეკითხვაზე საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს.
„ჩემი აზრით, სკოლა საკმარის ცოდნას გვაძლევს. თუმცა, რეპეტიტორი კონკრეტულად გამოცდისთვის გვამზადებს – ისეთ რაღაცებს გვასწავლის, რაც კლასგარეშეა და სკოლაში არ გაგვივლია“, – ამბობს საღანძილის სკოლის კურსდამთავრებული დავით კამკამიძე.
„სამ საგანში ვემზადები. მათემატიკაში თბილისელი რეპეტიტორი მყავს და გაკვეთილები ონლაინ მიტარდება, – ამბობს გიგა ხიჯაკაძე, – სკოლის პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, არ ვართ ხოლმე მოტივირებული სიღრმისეული ცოდნის მიღებაზე. მე-11, ან მე-12 კლასში ვხვდებით, რომ დროა სწავლას სერიოზულად მივხედოთ. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რისთვისაც რეპეტიტორი გვჭირდება. მოსწავლე თუ სკოლაში კარგად ისწავლის, გამოცდებს დამატებითი მომზადების გარეშეც მარტივად ჩააბარებს“.
„მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვემზადები. დანარჩენ საგნებში სკოლაში მიღებული ცოდნით ვაპირებ ჩაბარებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე მსურს სწავლის გაგრძელება,- ამბობს ლეღვნის სკოლის კურსდამთავრებული გენო მჭედლიძე,- რეპეტიტორი იმისთვისაა საჭირო, რომ წინა წლებში მიღებული ცოდნა გაგამეორებინოს“.
რეპეტიტორის აყვანა ფინანსებთანაა დაკავშირებული და ხშირად ოჯახებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ.
„ძნელია, როცა დამატებით მეცადინეობაზე უარის თქმა ფინანსების არქონის გამო გვიწევს“, – ამბობს ღორეშის სკოლის კურსდამთავრებული ელენე ორჯონიკიძე.
„ვფიქრობ, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ რეპეტიტორთან იაროს და კონკრეტულ საგანს უფრო მეტი დრო დაუთმოს,- აღნიშნავს მარიამ ნიქაბაძე, – პირადად მე თვეში თითოეულ საგანში 60-60 ლარს ვიხდი.
მიმაჩნია, რომ მასწავლებლის შრომასთან შედარებით, ეს თანხა ძალიან ცოტაა. ისეთი მასწავლებლებიც არიან, რომლებიც მოსწავლეებს უსასყიდლოდ ამეცადინებენ. ვიცნობ მასწავლებელს, რომელიც სწავლისთვის მოტივირებულ ერთ მოსწავლეს უფასოდ ამზადებს, ყურადღებას არ აკლებს და ისე ამეცადინებს, როგორც დანარჩენ მოსწავლეებს“.
ხარაგაულელი აბიტურიენტების უმრავლესობას უკვე გადაწყვეტილი აქვს, უმაღლესი განათლების მიღება რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე სურთ.
„ჩემი ხარაგულის“ რედაქცია წარმატებას უსურვებს მათ დასახული მიზნის მიღწევაში.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა
ელენე აბაშიძე გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი,
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
ხარაგაულის პედაგოგთა საზოგადოებას გამოაკლდა
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“