5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა.
რა გამოწვევების წინაშეა დღეს საქართველო გარემოს დაცვის კუთხით, როგორ ვასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გარემოს დაცვის მიმართულებით გაწერილ ვალდებულებებს, – ამ საკითხებზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.
„წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სლოგანია „აღვადგინოთ ეკოსისტემა“, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შევაჩეროთ დედამიწის ეკოსისტემის განადგურება.
დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკოსისტემას თავიდან ავარიდოთ იგივე ნამახვანჰესის თუ სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით გამოწვეული სერიოზული ზიანი. ეს რთული გამოწვევაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს.
ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემები გარემოს ჰაერით, ნარჩენებით, ნაგვით დაბინძურებასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს წელს უკეთესად ვხვდებით, მაგრამ იმედის მომცემია ის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დავიწყეთ.
იმედია, 2021 წელი იქნება გარდამტეხი და 2022 წელს საქართველოში გარემოს დაცვა ნამდვილად პრიორიტეტული გახდება.
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია როგორც ფინანსებთან, ასევე გამართულ ინსტიტუციებთან. ძლიერი გარმოსდაცვითი სისტემა უნდა შევქმნათ. უნდა დავამკვიდროთ მიდგომა, რომ გარემოს ვიცავთ ადამიანისგან ადამიანისათვის.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია, არის „წყლის კანონის“ არქონა. ეს კანონი პარლამენტს 2019 წელს უნდა მიეღო. ახლა განხილვები მიმდინარეობს, მაგრამ არც თუ ისე აქტიურად.
„წყლის კანონით“, ევროდირექტივებიდან გამომდინარე, სააუზე მართვის სისტემა უნდა შეიქმნას. პრიმიტიული წყალმომარაგების სისტემა აღარ უნდა არსებობდეს და ის ცენტრალიზებული უნდა გახდეს. მომხმარებელმა სუფთა, დაწმენდილი წყალი მილსადენით უნდა მიიღოს. სადაც მილსადენი ვერ მოეწყობა, იქ ჭები უნდა გაკონტროლდეს.
„წყლის კანონი“ დროულად, ანუ ორი წლის წინ რომ მიგვეღო, შესაძლოა, ბევრი პრობლემა, რომელიც დღეს ნამახვანის კასკადთან დაკავშირებით გვაქვს, არ ყოფილიყო.
ძალიან მნიშვნელოვანია წყლის სისტემის სწორი მართვა, რადგან საქართველოს ბევრ რეგიონში გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ნალექის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ნალექების შემცირებამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობაზე უარყოფითად იმოქმედა.
ძალიან დიდი პრობლემაა დაბინძურებული წყალი. კატასტროფულია ჩვენი მდინარეების მდგომარეობა.
სამწუხაროდ, გარემოს დაცვით საკითხებში საზოგადოების პასუხისმგებლობა და ცნობიერება ჯერ ისევ დაბალია. ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან ესეც სერიოზული საზრუნავია“.
5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს.
პირველად გარემოს დაცვის დღე აღინიშნა 1973 წელს, რომლის თემაც იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.