სახანძრო-სამაშველო სამსახურების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 65 თანამშრომლიდან 25 უმუშევარი დარჩა. ექვსი მათგანი დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს შეხვდა.

მათი თქმით, გადაწყვეტილება, – თუ ვინ გააგრძელებდა მუშაობას ამავე სამსახურში, – სუბიექტურადაა მიღებული.

გათავისუფლებული თანამშრომლები თვლიან, რომ ისინი უსამართლოდ გაათავისუფლეს, თავს დაჩაგრულად გრძნობენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით მიანიჭეს უპირატესობა მათ, ვინც დარჩა სამსახურში.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მათ დაჰპირდა ორგანიზებას შეხვედრისას, რომელზეც მოიწვევენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტის გამგებელს და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსს. აღნიშნულ შეხვედრაზე პასუხი უნდა მიიღონ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებსა და საკითხებზე.

ლაურა გოგოლაძე