21-ე საუკუნეში მოსახლეობის კვების რაციონი, ხშირ შემთხვევაში, გენმოდიფიცირებული პროდუქტებით არის გაჯერებული.

მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, გენმოდიფიცირებული პროდუქტების არსებობა დადებით კონტექსტშიც არის განხილული, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის ზრდასთან ერთად, საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ შემთხვევაში გენმოდიფიცირება აღმოჩნდა ის გზა, რომელმაც კაცობრიობა შიმშილს გადაარჩინა.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, ლია რამინიშვილის ხელმძღვანელობით, გენმოდიფიცირებულ საკვებსა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე იმსჯელეს და ამ თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა.

– რა გავლენას ახდენს კვების რაციონი ადამიანის ჯანმრთელობაზე, – ამ საკითხის შესწავლას მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით მიუდგნენ, – ამბობს ლია რამინიშვილი, – ამავე დროს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთი კვების რაციონი რაც შეიძლება ჯანსაღი პროდუქტებით შეავსონ.

მე-11 კლასელები იმიტომ შევარჩიე, რომ მათ უკვე შეისწავლეს გენეტიკა და გენეტიკის საკითხები; შესაბამისად, – გენმოდიფიცირებული ორგანიზმები.

პრეზენტაციების წარმოდგენისას ვისაუბრეთ გენმოდიფიცირებული პროდუქტების დადებით და უარყოფით მახასიათებლებზე. მოსწავლეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქართველოს გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემცირების რესურსი აქვს.

რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი?

– ბუნებაში არსებულ ყველა ორგანიზმს აქვს გენი, რომელიც მის ნიშან-თვისებებს განაპირობებს. ბიოტექნოლოგიების გამოყენებით კი ერთი სახეობის ორგანიზმის გენი მეორეში გადააქვთ.

რა მიზნით კეთდება ეს? სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების, ასევე მღრღნელების წინააღმდეგ; ზრდის მათი შენახვის ვადებს. ისინი არახელსაყრელ პირობებთან ადვილად შემგუებლები არიან; მაგალითად, პომიდორში ჩანერგეს თევზის გენი იმისათვის, რომ ის ყინვაგამძლე იყოს. თუ პომიდორი ღია გრუნტში სექტემბრამდე მწიფობდა ხოლმე, ახლა შეუძლია ნოემბრამდე გაძლოს.

ასევე გენმოდიფიცირებულია ხორბალი. შესაბამისად, მისგან დამზადებული ყველა პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. ჩვენ რომ გვგონია, სუფთა რძის პროდუქტს მივირთმევთ, ეს ასე არ არის, რადგან ძროხების საკვები გენმოდიფიცირებულია. ასე რომ, ამ პროცესს ფესვები ღრმად აქვს გამჯდარი.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების უარყოფითი მხარე ისაა, რომ ღია გრუნტში გადატანისას იმტვერება და თავადაც დამტვერავს სხვა მცენარეებს. პროცესი ვეღარ კონტროლდება. ამით კი უამრავი ცვლილება ხდება.

გენმოდიფიცირებული პროდუქტების არსებობა კარგია იმ კუთხით, რომ კვების პრობლემას ხსნის, რადგან იაფია. დედამიწის მოსახლეობამ 7 მილიარდს გადააჭარბა. ბუნებრივი რესურსით მათი გამოკვება ყოვლად შეუძლებელია.

დედამიწა არ გაფართოებულა და არც სამეურნეო სავარგულები მოგვმატებია. პირიქით, ადამიანის საქმიანობის შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობა გაგვიუარესდა. ნიადაგის დიდი ნაწილი სახნავ-სათესად უვარგისი გახდა. სწორედ ამიტომ, ადამიანები შიმშილით რომ არ დაიხოცონ, მსოფლიო გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე უარს ვერ იტყვის.

საქართველოს მოსახლეობა რაოდენობის თვალსაზრისით მცირეა და თუ ადამიანები სოფელს დაუბრუნდებიან, გენმოდიფიცირებული პროდუქტების რაოდენობის საგრძნობლად შემცირებას შევძლებთ.

რა გავლენას იწვევს გენმოდიფიცირებული პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობაზე?

– ასეთი ინფორმაცია, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები ამა თუ იმ კონკრეტულ დაავადებას იწვევენ, ჯერჯერობით, არ არსებობს. თუმცა, დაავადებათა რაოდენობის ზრდა გვაფიქრებინებს, რომ ამაში წვლილი არაჯანსაღ – გენმოდიფიცირებულ პროდუქტსაც მიუძღვის. მითითებული უნდა იყოს, რომ ესა თუ ის პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი მოწესრიგებულია.

როგორ უნდა განვასხვაოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტები?

– გარჩევა ძნელია. გენმოდიფიცირებული პროდუქცია გარეგნულად ლამაზი, მდგრადი და სტანდარტულია. მაგალითად, გენმოდიფიცირებული პომიდორი ძირს რომ დააგდო, არაფერი მოსდის, მაშინ, როდესაც არაგენმოდიფიცირებული პომიდორი, ფრთხილად თუ არ მოკრიფე, შესაძლოა, დაიჭყლიტოს და მალე გაფუჭდეს.

ლიკა ხიჯაკაძე