ცესკო და სწავლების ცენტრი 2021 წლის 31 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში,  64 მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განახორციელებს.

ხარაგაულში ტრენინგები საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის საკონფერენციო დარბაზში ტარდება და მას ტრენერი არჩილ ბლიაძე უძღვება.

„ტრენინგებს 2020 წლის 17 მაისის დამტკიცებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე გავდივართ, – ამბობს არჩილ ბლიაძე, –  გარკვეული სიახლეები საარჩევნო კოდექსში დაანონსდა, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ცვლილებები პარლამენტში, კანონპროექტის სახითაა წარდგენილი და მათი განხილვა მიმდინარეობს.

ამის გამო, ტრენინგის მონაწილეებს წინასწარ ვეუბნებით, რომ გარკვეული თემები, რომლებსაც ამ ტრენინგზე გავდივართ, შესაძლოა, შეიცვალოს და არჩევნებისთვის სხვაგვარად ჩამოყალიბდეს.

იგეგმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობის ცვლილება. თუმცა ეს საკითხი, ჯერჯერობით, არ დამტკიცებულა.

ტრენინგი სამდღიანია. მონაწილეებს უტარდებათ ტესტირება ტრენინგის დაწყებისას და დასრულების შემდეგ. დამაკმაყოფილებელი ქულის აღების შემთხვევაში მათ სერთიფიკატები გადაეცემათ“.

„1991 წლიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ, – ამბობს ტრენინგის მონაწილე ნაილი მაღრაძე, –  უმეტესად მდივნად მირჩევენ. ეს იმდენად საპასუხისმგებლო თანამდებობაა, რომ შეცდომა არ შეიძლება. ამიტომ ამ ტრენინგებს ყოველწლიურად გავდივარ და ვცდილობ, ყველაფერი კარგად შევისწავლო“.

ტრენინგები ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შედეგ ძირითად საკითხებს:

  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (ეთიკის კოდექსი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მიმოხილვა (საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების შესრულება და ხმის მიცემის პროცედურა;
  • კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საარჩევნო უბნის დახურვა;
  • საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენინგები ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს (საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვალა/დალუქვა; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა).

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისი რეგისტრაცია გაიარეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, 2021 წლის 16- 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში.

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ, 2021 წლის 24-28 მაისის პერიოდში, სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში (148 ტრენერი).

საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. ტრენინგების გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.