ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლე ლიკა ავალიშვილს მეათე კლასის დასრულება ექსტერნად უწევს.

„საზღვარგარეთ ყოფნის გამო გაცდენილი საათები დამიგროვდა და მეათე კლასის სასწავლო პროგრამა სრულად ექსტერნატის ფორმით უნდა ჩავაბარო. გამოცდები, როგორც ვიცი, სკოლაში ჩატარდება. გამოცდებისთვის აქტიურად ვემზადები და იმედი მაქვს, დავძლევ“, – ამბობს ლიკა.

ექსტერნად გამოცდებზე რეგისტრაცია 2021 წლის 3 ივნისიდან იწყება და 8 ივნისის დასრულდება, ხოლო გამოცდები 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს:

ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს .

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს.

რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.

რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

წყარო