პირველი ივნისიდან საქართველოში რიგი შეზღუდვები მოიხსნა, მათ შორის გაიხსნა სახმელეთო საზღვრები.

ეს საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადის შემოსვლას განაპირობებს მეზობელი ქვეყნებიდან და არა მხოლოდ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

მკაცრად უნდა მიმდინარეობდეს ტურისტული ნაკადების ზედამხედველობა. ქვეყანაში არავინ უნდა შემოვიდეს კორონავირუსის დადებითი მაჩვენებლით.

ამირან გამყრელიძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოში მესამე ტალღამ გადაიარა და ახლა სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის. ეს საზოგადოებაში მოდუნების საბაბი არ უნდა გახდეს. შეზღუდვები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 149 151 აცრაა ჩატარებული. აქედან ორჯერ აცრილია – 33 718, ხოლო ერთჯერადად – 115 473.

„მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების დიდი რაოდენობა ექნება. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებულია ინტენსიური იმუნიზაცია.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამისთვის ინფრასტრუქტურულად ემზადება. სინოფარმის შემდეგ, ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინამაც მოიპოვა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია. ეს ვაქცინა მსოფლიოს 32 ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში – თურქეთსა და აზერბაიჯანში.

ამ ვაქცინის შემთხვევაში პერიოდი პირველი აცრიდან მეორემდე, 2-4 კვირაა. ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული. მისი მეშვეობით ხდება ვირუსის სრული ინაქტივიზაცია. შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებს, მაგრამ მაინც მოსალოდნელია, რაიმე გამოვლენა ჰქონდეს.

საქართველოში წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. მოგიწოდებთ, ვიაქტიუროთ ვაქცინაციის პროცესში“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.