მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელებმა სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს. გარდა ამისა, გამოფენილი იყო მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. გაიმართა ხატვის შეჯიბრი. ღონისძიების შემდგომ ბავშვებს ნაყინი დაურიგეს.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი რაც არსებობს, თითქმის ყოველ წელს აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

გამონაკლისი იყო გასული წელი, რადგან პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა არ მოგვცა ამის საშუალება,- ამბობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი,- წელს ღია სივრცეში დისტანციის დაცვით დაგვრთეს ნება.

შეზღუდული ფორმატია, მაგრამ ჩვენ ამითაც მოხარულები ვართ. მინდა, რომ სულ ბედნიერი და გახარებული იყოს ყველა ბავშვი. მხოლოდ ეს დღე კი არა, ყოველი დღე მათი ბედნიერებისა და ჯანმრთელობისთვის უნდა იყოს მიძღვნილი“.

ლიკა ხიჯაკაძე